ლოდინი დასრულდა: შუაძრავიანი 2020 Chevy Corvette C8
დიდხნიანი ლოდინი დასრულდა: ახალი შუაძრავიანი Chevy Corvette C8 იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოგვედგინა. 2020 წლის მერვე თაობის „კორვეტს“, ცნობილს, როგორც C8, ძრავა მგზავრების კაბინის უკან აქვს, ისევე, როგორც საუკეთესო Porsche-ს, Ferrari-ისა და McLaren-ს. ის ათასობით დოლარით ნაკლებიც ღირს, ვიდრე ჩამოთვლილი ბრენდების მანქანები. საბაზისო მოდელის ფასი $59,995-ია, რაც ამ მანქანისთვის საკმაოდ ადეკვატურია. ავტომობილი ხელმისაწვდომია, როგორც კუპე, ასევე კაბრილეტი ვერსიით. მისი 6.2-ლიტრიანი V8 490 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სუპერქარის შესრულებას გვთავაზობს. ყველა დეტალი ახალ მანქანაზე ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ძირითადი არსებული მონაცემებით ამ მანქანაზე მსჯელობა შეიძლება.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
ყველაფერი! 2020 წლისთვის Corvette თავიდან ბოლომდე ახალია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მანქანის ახალი კონფიგურაციაა.
ფასი:
- 1LT coupe: $59,995
- 2LT coupe: $67,295
- 3LT coupe: $71,495
- 1LT convertible: $67,495
- 2LT convertible: $74,295
- 3LT convertible: $78,495
Corvette ხელმისაწვდომია როგორც კუპე, ასევე კაბრიოლეტი ვერსიით. მანქანას შესანიშნავი ხმა აქვს და მის უკეთ გასაგონად ჩვენ კაბრიოლეტს გირჩევდით. ყველაზე აზრიანი არჩევანი 1LT კაბრიოლეტის ვერსიაა, რომლის საწყისი ფასიც $67,495-ია. Z51 პაკეტის დამატებით, რომელიც $5000 დაგიჯდებათ, თქვენი მანქანა სრულყოფილი გახდება.
ძრავა და მართვადობა
მიუხედავად იმისა, რომ ძრავას ახალი მდებარეობა აქვს და მგზავრის კაბინის უკანაა განთავსებული, ის მაინც 6.2-ლიტრიანი V8 არის, რომელიც 490 ცხენის ძალას და 637ნმ-ს გამოიმუშავებს. Z51 პაკეტით ცხენის ძალების რაოდენობა 495-ამდე იზრდება. ამ პაკეტით მანქანას თვითბლოკირებადი უკანა დიფერენციალი, უფრო აგრესიული მუხრუჭები და ზაფხულის საბურავებიც ემატება. 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფი ერთადერთი არჩევანია. ის ცენტრალურ კონსოლზე ღილაკით და საჭეზე ბერკეტებით იმართება. მექანიკური ტრანსმისია ხელმისაწვდომი არაა. 0-100კმ/სთ-ამდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 312კმ/სთ. ახალი C8 ტრეკზეც და ჩვეულებრივ გზებზე სამართავადაც ერთნაირად ამაღელვებელია.
საწვავის ეკონომია
EPA-ს ახალი Corvette ჯერ არ შეუფასებია, თუმცა, ძრავის გათვალისწინებით მისგან ეკონომიურობას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ მანქანის ენთუზიასტებისთვის ეკონომიურობა გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არ უნდა იყოს.
ექსტერიერი და ინტერიერი
ძრავის ახალმა განლაგებამ მანქანის გარეგნობა ნამდვილად შეცვალა. წინა მაშუქებს და ბამპერის საფარს, წინა მოდელის შემდეგ, განვითარება ნამდვილად ეტყობა. გვერდიდან ყურებისას ყურადღებს ჰაერის შემწოვები და ალუმინის შენადნობი დისკები იქცევს. მანქანის უკანა ნაწილი ისევე იხრება, როგორც სხვა შუაძრავიანი სპორტული ავტომობილებისა. მანქანის ბამპერის უკანა საფარის მეშვეობით Corvette-ს სხვებისგან გარჩევა არ გაგიჭირდებათ. დიზაინის განვითარებაზე გამორჩეული უკანა ფრთაც მეტყველებს. უკანა მაშუქები კი ორიგინალურად და აგრესიულად გამოიყურება.
Corvette-ის ინტერიერში ადგილი ისევ ორი ადამიანისთვისაა. მგზავრებისთვის ადგილი ძრავის ახალი მდებარეობის გამო „ცხვირთან“ ახლოს მიწიეს. სალონში კარგი ხარისხის მატერიაა გამოყენებული. ტყავით და მეტალითაა დაფარული. საჭე მართკუთხა ფორმისაა, ოღონდ კუთხეების ნაცვლად, რა თქმა უნდა, მომრგვალებულია. მონაცემთა დაფის ეკრანი 12-ინჩიანია. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი მძღოლისკენაა მოტრიალებული და მისი გამოყენება ადვილია. სალონის ინტერიერი ძირითადად მძღოლის კომფორტზეა მორგებული. ღილაკებიც მძღოლისთვის მაქსიმალურად კომფორტულადაა განლაგებული. მთლიანობაში ინტერიერი საკმაოდ ხარისხიან შთაბეჭდილებას ტოვებს. 3LT პაკეტის შეძენა მგდომარეობას აუმჯობესებს, რაც შეკერილ ტყავს და კარბონის მეტ დეტალს გულისხმობს.
სახურავი იხსნება და საბარგულში თავისუფლად ეტევა. კომპანიის მტკიცებით, უკანა სავარძელში გოლფის ორი ჩანთა ჩაეტევა. წინა საბარგულში კი დიდი ზომის ჩემოდნებისთვის საკმარისი ადგილია. ორივე საბარგული ჯამში 368 ლიტრი მოცულობისაა.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
ახალი Corvette Chevrolet-ის Infotainment 3 Plus სისტემას იყენებს. სენსორული ეკრანი 8-ინჩიანია. Bluetooth-ი, 4G LTE მობილური ჰოთსფოთი, Apple CarPlay და Android Auto ხელმისაწვდომია. როგორც უკვე აღვნიშეთ, ეკრანი მძღოლის მხარესაა მიბრუნებული. სისტემის გამოყენება მარტივია. ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები
ახალი Corvette National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-ს ჯერ არ შეუმოწმებია. მძღოლის დამხმარე უამრავი ფუნქციის არჩევა შეიძლება, თუმცა საბაზისო მოდელზე სტანდარტული არცერთია. საბაზისო მოდელის შემთხვევაში მხოლოდ უკანა პარკირების დამხმარე სისტემას და HD უკანა ხედვის კამერას მიიღებთ. სხვა მნიშვნელოვანი სისტემაა:
- არჩევითი უხილავი წერტილის მონიტორინგი უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებით.
როგორც ხედავთ, მძღოლის დამხმარე სისტემების ვრცელი სია არ გვაქვს. Corvette ძირითადად დამხმარე კამერებით გამოირჩევა.
დასკვნა
2020 წლის Chevy Corvette C8 თქვენს აღელვებას ნამდვილად შეძლებს. მართალია, ჯერ ყველა მონაცემი ცნობილი არაა, მაგრამ ნაცნობი დეტალები საკმარისია იმისთვის, რომ ამ ავტომობილმა ჩვენი გულები მოიგოს. სტილი, წინა თაობის მოდელთან შედარებით, დახვეწილია. ეს ავტომობილი მეგობრების გასასეირნებლად არ გამოგადგებათ. გარდა იმისა, რომ ის ორ ადგილიანია, მანქანა ძირითადად მძღოლის კომფორტზეა მორგებული. ინტერიერი საკმაოდ ხარისხიანია. მძღოლის დამხმარე სისტემები, სამწუხაროდ, საბაზისო ვერსიისთვის სტანდარტული არ არის, თუმცა, პაკეტების არჩევანი მრავალფეროვანია. ამ მანქანის ენთუზიასტებისთვის მთავარი ძრავა და მართვადობაა, რაშიც Corvette უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. საუკეთესო არჩევანი კი 1LT კაბრიოლეტის ვერსიაა, რომელიც თავისი ფასის სრულიად შესაბამის შესაძლებლობებს გვპირდება.