Popemobile: რომის პაპის ახალი ელექტრო G-Class-ი
რომის პაპმა ფრანცისკემ Mercedes-ისგან საშობაო საჩუქარი უკვე მიიღო. ახალი Popemobile-ი, რომელიც პაპს გერმანული ავტომწარმოებლისგან გადაეცა, G 580-ის ბაზაზეა დაფუძნებული და EQ-ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ცნობისთვის, G-Class-ის პლატფორმაზე შექმნილ Popemobile-ებს წარსულში, იოანე პავლე მეორე და ბენედიქტე XVI-ც ფლობდნენ.
პაპი ფრანცისკეს ახალი Popemobile უნიკალურია და ვატიკანთან თანამშრომლობით შეიქმნა. ამ მოდელისთვის G 580-ის დიზაინი რადიკალურად შეიცვალა. Popemobile თეთრი ფერის, უსახურავო ავტომობილია. Mercedes-ის თქმით, მანქანის მოდიფიკაციისთვის მარცხენა უკანა კარის მთლიანად მოხსნეს, შემდგომ კი დარჩენილი ნაწილი აღადგინეს და კორპუსის გარსში „უპრობლემოდ შეადუღეს“. მანქანას შეუნარჩუნდა მარჯვენა უკანა კარი, თუმცა მისი სრულად განახლება გახდა საჭირო.
ავტომობილს უკან შემაღლებულ პლატფორმა აქვს, რომლის ცენტრშიც მბრუნავი სავარძელია განთავსებული. სავარძელი სიმაღლის მიხედვით რეგულირდება. ავტომწარმოებლის თქმით, რეგულირებადი და მბრუნავი სავარძელი პაპს საშუალებას მისცემს აუდიტორიას სხვადასხვა მხარეს მარტივად მიმართოს.
პაპის სკამის გარდა, პლატფორმაზე ორი მცირე ზომის სავარძელიც მოთავსდა. მანქანას უკან მიმაგრებული აქვს კიბეებიც, რომელიც ფრანცისკეს გადაადგილებას უმარტივებს.
Popemobile-ის 4-ძრავიანი, სრულად ამძრავი სისტემა, „საჯარო გამოსვლებისთვის საჭირო განსაკუთრებით დაბალ სიჩქარეზეა ადაპტირებული“. დამატებითი დეტალები ამ მოდელის შესაძლებლობების შესახებ უცნობია. თუმცა სტანდარტული მოდელის შესახებ შეგვიძლია გითხრათ, რომ ის 116 კვტ/სთ ბატარეის ნაკრებითაა აღჭურვილი და კომბინირებულად, 579 ცხენის ძალასა და 1 163 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. G-Class-ის სტანდარტული ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-ს 4.6 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია. ერთი სრული დამუხტვით, ეს მოდელი 385 კილომეტრს ფარავს.
ცნობისთვის, Mercedes-ი ვატიკანს ავტომობილებით თითქმის 100 წელია რაც ამარაგებს. პირველი Mercedes-ი პაპ პიუს XI-ს 1930 წელს გადაეცა. ეს მოდელი Nürburg 460 Pullman-ი იყო.