კლასიკად ქცეული იშვიათი კუპე: 2007-2010 Alfa Romeo 8C Competizione
Aa
Aa

კლასიკად ქცეული იშვიათი კუპე: 2007-2010 Alfa Romeo 8C Competizione

ისეთივე იშვიათი, როგორც V12 Ferrari, უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი 8-ცილინდრიანი Audi R8 ან Aston Martin Vantage. ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სპორტქარი, რაც კი იტალიაში შექმნილა. ეს არის Alfa Romeo 8C Competizione ! მანქანამ პოპულარობა ბაზარზე გამოჩენისთანავე მოიპოვა და დღეს ის მსოფლიოში იშვიათი მოდელია.

2003 წელს Alfa Romeo-მ 8C Competizione კონცეპტი 2003 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე წარადგინა. 3 წლის შემდეგ კი განაცხადა, რომ წარმოება დაიწყებოდა. Alfa-მ 1500 შეკვეთა მიიღო, თუმცა, მხოლოდ 500 ეგზემპლარი გამოუშვეს. თითოეულის ფასი €199,000 იყო. შემდეგ კი კიდევ 500 Spider ვერსია დაემატა, რომელიც 90კგ-ით უფრო მძიმეა, ვიდრე კუპე ვარიანტი. 8C 2007 წლის ოქტომბერში იტალიელ მყიდველს პირველად მიუტანეს. ერთ-ერთი პირველი 8C კი ჰოლანდიაში პრინც ბერბარნ ლუკას ემანუელს ჩაუყვანეს.

მანქანის დიზაინი მისი კონცეპტისგან ბევრით არაფრით განსხვავდება. მთავარი განსხვავება მანქანის კაპოტი და კარბონის დეტალებია. ეს ავტომობილი Maserati Quattroporte-ს პლატფორმაზეა აგებული. „ფერარის“ აწყობილი 4.7-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 450 ცხენის ძალას და 470 ნმ-ს გამოიმუშავებს. ის 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა. 0-100კმ/სთ-მდე  4.5 წამში აღწევს. 402კმ-ს 12.4 წამში გადის და მაქსიმალური სიჩქარე 306კმ/სთ-ია. ეს მანქანა Maserati-ზე სწრაფია და Ferrari F430-ს თითქმის არ ჩამორჩება. შთამბეჭდავი მაჩვენებლებია, არა? 8C ეკონომიური ავტომობილი ნამდვილად არ არის. შერეულ რეჟიმში 100კმ-ზე 15.8 ლიტრი საწვავი სჭირდება. 

ამ მანქანის ხმა შესანიშნავია. ამ ხმას და მართვადობას Sport რეჟიმი აუმჯობესებს. საჭე სწრაფად რეაგირებს, მაგრამ ცოტათი მძიმეა. მართვადობა უხეშია და შეცდომას არ გაპატიებთ. გადაცემათა კოლოფი ამ მანქანის ძლიერი მხარე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს, თვითონ სიჩქარის გადართვის პროცესი არც თუ ისე სასიამოვნოა. სალონში ქარის, მასიური დისკების და საბურავების ხმა შემოდის. სატერფულზე ფეხის დაჭერაზე სწრაფად რეაგირებს. მუხრუჭები ძრავაზე ძლიერი მოგეჩვენებათ. Alfa Romeo უსწორმასწორო გზაზე იმდენად კომფორტული არ არის, რამდენადაც სწორ გზაზე. ბალანსიც არც თუ ისე მტკიცე აქვს. არასდროს იცი, მანქანა როდის მოგიცურდება. ამ ავტომობილის მართვა ნამდვილი თავგადასავალია.

ამ კუპეს დიზაინი ეგზოტიკურია. Alfa Romeo-მ  8C Competizione ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. 8C-ს კლასიკური სუპერქარის პროპორციები აქვს: მოკლე უკანა ნაწილი, დახრილი კაპოტი, 20-იანი ალუმინის შენადნობი დისკები, დაბალპროფილიან საბურავებზე. წინა ნაწილი უნიკალური შესახედაობისაა. წინა მაშუქები სიბნელეში ავტომატურად აქტიურდება და სინათლეზე ქრება. უკანა ნაწილი განსაკუთრებულად ლამაზია. უკანა მაშუქები შესანიშნავად გამოიყურება. მაყუჩის ოთხი მილიდან გამოსული ხმა ჟრუანტელის მომგვრელია. 

ექსტერიერზე ლოგოები და წარწერები დახვეწილად გამოიყურება. „ალფას“ საფირმო ცხაურაც ადგილზეა. სინამდვილეში, ეს მანქანა იმაზე მოკლეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მისი სიგრძე 4.4 მეტრია, რაც საოჯახო ჰეჩბექების უმეტესობაზე პატარაა. 

ყველაზე ამაღელვებელი ამ მანქანაში ჩაჯდომაა. ის დაბალია. „ფერარისთან“ ბევრ დეტალს იზიარებს და კარბონის დეტალებიც უხვადაა გამოყენებული. სალონიც, მანქანის ექსტერიერის მსგავსად, ეგზოტიკურია. სავარძლები ტყავითაა დაფარული. მატერია იაფფასიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. პირიქით, მისი დეტალები  დახვეწილია. საჭე ტყავითაა შეფუთული. ღილაკების რაოდენობა შესაძლოა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად არ გაგაღიზიანებთ. სალონში ძალიან მცირე ზომის ეკრანია, რომელიც, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სატელიტური ნავიგაციაა. გასაგებია, რომ ის რუკებს ვერ გიჩვენებთ, მაგრამ ინსტრუქციებს მოგცემთ. FM რადიო CD დისკს უკრავს და მობილურ ტელეფონს ბლუთუზით უკავშირდება.

წვიმის სენსორი, რომელიც შუშის საწმენდებს ააქტიურებს, საქარე მინის თავზეა. ის LED სინათლეს აშუქებს და ანარეკლს ეძებს. თუ წვიმის წვეთებს აღმოაჩენს, საწმენდებს აამუშავებს. ძრავის კომპიუტერს კი სიჩქარის მძღოლის სურვილის მიხედვით შეზღუდვის საშუალება აქვს. უბრალოდ აარჩევთ, რა სიჩქარეს არ გინდათ რომ მართვისას გადააჭარბოთ და მანქანა თქვენს ბრძანებას შეასრულებს.

მთლიანობაში კი ძნელია, რომ 8C Competizione-თი მოხიბლული არ დარჩე. ის რაც წარსულის დიდება უნდა ყოფილიყო, კომპანიის მომავლის განმსაზღვრელი გახდა. ამ მანქანის დიდებულება მისი ბაზარზე გამოსვლისთანავე შენიშნეს. ბოლოს და ბოლოს ის ლეგენდარული Alfa Romeo 33 Stradale - ს დიზაინს იზიარებს. თუმცა, ამ მანქანას თავისი უნიკალური დეტალები და ხასიათი აქვს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დიზაინერებს კონცეპტის წარმოებულ მანქანად ქცევა შთამბეჭდავად გამოუვიდათ. ეს არის მოუთვინიერებელი, მომხიბვლელი, ეგზოტიკური და უნიკალური ავტომობილი. თუ ვინმემ ამ ძვირფასი მანქანის დათმობა გადაწყვიტა, მაშინ დღეს მისი ფასი £185 000 -  £220 000 იქნება. 

მსგავსი სიახლეები