Mazda-ს ახალი ლოგო სმარტფონების ეპოქის 28-წლიან ტრადიციას არღვევს
28 წლის შემდეგ, Mazda-მ ბრენდის განახლება ლოგოს რედიზაინით დაიწყო და უფრო ბრტყელი, გამარტივებული სტილი შეიმუშავა, რომელიც სმარტფონებისთვის და ციფრული დისპლეებისთვისაა ოპტიმიზირებული. ეს განახლება ყველაზე მნიშვნელოვანი რედიზაინია ბრენდის ისტორიაში, მას შემდეგ რაც 1997 წელს, თოლიის ფორმით შთაგონებული M-ლოგო გამოჩნდა.
აწ უკვე 30 წელია, M-ლოგო Mazda-ს იდენტობის დამახასიათებელი ნიშანია, რომლის საშუალებითაც ტრასაზეც მისი აღმოჩენა მარტივდება. ახალი ლოგო, ოფიციალურად, Mazda-ს ჯერ არ გამოუყენებია, თუმცა მრავალი იაპონური საინფორმაციო სააგენტო ცვლილებებს ადასტურებს. ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, კომპანიის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაკეთდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ ლოგოს კომპანია უკვე არსებულთან ერთადაც გამოიყენებს.
ახალი და ბევრად გამარტივებული დიზაინი პირველად ინტერნეტში 2024 წლის ივლისში გამოჩნდა. მიუხედავად მისი წინამორბედის მეტალის სტრუქტურისა და მკვეთრი კიდეების, ლოგოს ფორმა უცვლელი ფორმით რჩება. ავტომწარმოებლის მტკიცებით, ახალი ლოგო სმარტფონებისა და ლეპტოპებისთვისაა ოპტიმიზირებული. დამატებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით Mazda-ს არ დაუკონკრეტებია.
უფრო მჭიდროდ დაკვირვებისას, რამდენიმე დახვეწილი და მიზანმიმართული შესწორებებიც შესამჩნევია. გარე ფორმა უფრო მეტად მომრგვალებულია, ხოლო ოდესღაც მოხრილი თოლიას ფრთებს ახლა მკვეთრი, სწორი კიდეები აქვს. შეცვლილია ფერებიც: შავ-თეთრი ფერთა სქემა ბევრის შეფასებით მაღალი კონტრასტის ესთეტიკას ქმნის, თუმცა ჩრდილები აკლია, რაც ძველ დიზაინს გაპრიალებულ და სამგანზომილებიან ელფერს მატებდა.
იაპონური ავტომწარმოებელი 1920 წლის 30 იანვარს დაარსდა, თუმცა თავისი პირველი ავტომობილი (3-თვლიანი სატვირთო მანქანა) 1931 წლამდე არ გამოუშვია. მისი პირველი სამგზავრო მანქანა, Mazda R360 Coupe, ბევრად მოგვიანებით, 1960 წელს ვიხილეთ. 1975 წელს Mazda-მ ახალი ლოგო წარადგინა, მარტივი შრიფტის დიზაინით, მას მოჰყვა ალმასის ფორმის ლოგო 1991 წელს და თოლიების შთაგონებული ფრთები 1997 წელს. ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ახალ ლოგოს Mazda-ს ავტომობილებზე.
Mazda-ს რედიზაინი მხოლოდ ავტომწარმოებლის გარშემო არ ხდება. ეს ინდუსტრიის ფართო ხედვის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც დიდი კორპორაციები მათ ლოგოებს ბრტყელი და გამარტივებული დიზაინებით ცვლიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი ემბლემის გამარტივებული ვერსიები რამდენიმე სხვა ავტომწარმოებელმაც დაამტკიცა, მათ შორისაა: VW, Audi, Mini, BMW, Volvo, Lotus, Citroen, Renault, Nissan, Ford, Buick, Lancia, Lamborghini, Aston Martin, Geely და Jaguar.