ABT-ის მანქანები აგურებზე დატოვეს | კიდევ რა წაიღეს კრიმინალებმა?
ABT-მა ათწლეულების განმავლობაში არაერთი ცნობილი და სწრაფი „ტუნინგი“ შექმნა და დიდი აღიარებაც დაიმსახურა. თუმცა რამდენიმე დღის წინ, კომპანიას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. ABT-ი, კერძოდ კი გერმანიის სათავო ოფისის საპარკინგო სივრცე, მძარცველების სამიზნე გახდა.
დანიელ აბტის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. მძარცველებმა ჯამში $320 000-ის ნაწილები მოიპარეს - მათ შორის, საბურავები და კარბონის კერამიკის მუხრუჭები, ხოლო შვიდი ავტომობილიც მხოლოდ აგურის იმედად დარჩა. კომპანიის შეფასებით, ძარცვა მოყვარულთა ნამოქმედარს არ ჰგავს და დიდი ალბათობით, კრიმინალური დაჯგუფების ნამოქმედარია. პარკინგის ზონის ირგვლივ, ელექტრომომარაგება და განათება გათიშული იყო.
კომპანიის წარმომადგენლებმა გაძარცვული Audi RS6-ის ფოტო LinkedIn-ზე გადააზიარეს. ფოტოზე ვხედავთ ავტომობილს, რომელსაც ბორბლები და მუხრუჭები აღარ აქვს და სანაცვლოდ, აგურებზე დგას. უცნობია კიდევ რომელი ავტომობილები გახდნენ მძარცველების სამიზნეები, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაძარცვულ მანქანებში ბევრი ძვირად ღირებული მოდელი გვხვდება. დიდი შანსია იმისაც, რომ მძარცველებმა ნაწილები უკვე გაყიდეს, რაც მათ აღმოჩენას კიდევ უფრო გაართულებს.
ABT-ის ინფორმაციით, პოლიციის ადგილობრივი დეპარტამენტი შემთხვევას უკვე იძიებს. თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია საიდუმლოდ რჩება. სამწუხაროდ, ეს არც პირველი შემთხვევაა და ავტომობილების გაძარცვის, მათ შორის კი, ბორბლებისა და მუხრუჭების მოპარვის შემთხვევები, მთელ მსოფლიოში, საკმაოდ ხშირია.