უცნაური ნივთები, რომელთაც ტაქსიში ყველაზე ხშირად ტოვებენ
ტაქსიში ნივთების დატოვება საკმაოდ გავრცელებული „პრაქტიკაა“. ალბათ მგზავრთა დიდ ნაწილს გამოუცდია ის განცდა, როდესაც ჯიბეში მობილურს ვეღარ გრძნობ და ხვდები, რომ ის ტაქსის მანქანაში დაგრჩა. წლების განმავლობაში, ტაქსის მძღოლები თავიანთ ავტომობილში ასეულობით დაკარგულ ნივთს პოულობენ. მათგან ყველაზე ხშირად, მგზავრებს მობილური ტელეფონი, საფულე ან საათი რჩებათ. თუმცა გასულ წელს, აშშ-ის მასშტაბით, ჩატარებულმა კვლევამ, ძალიან უცნაური შედეგები გამოავლინა.
Uber-ის გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ყველაზე ხშირად ტაქსიში ნივთები ნიუ-იორკში რჩებათ. ხოლო გასულ წელს, ყველაზე მეტი დაკარგული ნივთი 28 ოქტომბერს დაფიქსირდა - ჰელოუინის დღესასწაულზე. გასაკვირი არ არის, რომ ღამით, გვიან საათებში, კერძოდ, 23:00 და 00:00 საათზე, ნივთების დაკარგვის პიკური დრო იყო.
როგორც გითხარით, ყველაზე ხშირად ტაქსიში დატოვებული ნივთების სიაში საწყის პოზიციებზე მობილური ტელეფონი, საფულე და გასაღები მოხვდა, თუმცა სიის ბოლოსკენ ისეთ უცნაურ ნივთებსაც კი შეხვდებით, მაგალითად როგორიც მანეკენის თავი ან ხავსია. ასევე საკმაოდ ხშირად მანქანაში საკვები და სასმელი რჩებათ, მათ შორის: 24 ქილა სიმინდი, 108 კვერცხი, 100 ქათმის ფრთა, ლობიო... დოკუმენტის თანახმად, ვიღაცას ტაქსიში 100 ცალი ვარდიც კი დარჩენია.
თუმცა 50-ნავთიანი სიიდან, ყველაზე უცნაური, რაცნ ტაქსიში დარჩენიათ, შემდეგი ნივთებია: დედის რძე, ვიკინგის სასმელი რქა, მანეკენის თავი ადამიანის თმით, კუ, კლუბის პრომოუტერის წარწერა „ენი დაქორწინებულია“ - ის კლუბს ეკუთვნის, ხარისხიანი ფაიფური, მკერდის წებოვანი ბიუსტჰალტერი, შრეკის ყურები, დნმ-ის ტესტირების ნაკრები, ამეთვისტოს კრისტალი, აკვარიუმი.