შიგაწვის ძრავა, ჩინეთი, ელექტრომობილები, ნიურბურგრინგი, ფერარი, ფერარი ესეფ90, გრეით ვოლ მოტორი
Aa
Aa

ჩინეთი Ferrari SF90-ზე „უკეთეს“ სუპერქარზე წლებია ფარულად მუშაობს

ჩინეთი ელექტრომობილების სფეროში წლებია დომინაციის მოპოვებისთვის იბრძვის, თუმცა ბოლო პერიოდში, არანაკლებ ყურადღებას შიგაწვის ძრავის განვითარებას უთმობს. ჩინურმა Great Wall Motor-მა ცოტა ხნის წინ 4-ლიტრიანი ტვინტურბო, ბენზინზე მომუშავე V8 ძრავა წარადგინა, რომელიც მაღალი კლასის ავტომობილებისთვის იქნება განკუთვნილი და პარალელურად, კომპანია 3-ლიტრიან ექვსცილინდრიან დიზელის ძრავაზეც მუშაობს.

Great Wall Motor-ი არც მხოლოდ ძრავების შემუშავებით შემოიფარგლება. საწარმოო ხაზის სათავეში სუპერქარია, რომელზეც GWM თითქმის ხუთი წელია რაც მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი მაღალი კლასის სეგმენტში ფაქტობრივად უცნობია, როგორც ჩანს, მას მთავარ სამიზნედ Ferrari ჰყავს ქცეული.

ჩინეთის სოციალურ მედია პლატფორმა Weibo-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ავტომწარმოებლის ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორმა თამამად განაცხადა, რომ იდუმალი სპორტული მანქანა Ferrari-ზე უკეთესი იქნება. თუმცა, CnEVPost-ის ცნობით, ვუ ჰუიქსიაომ ასევე აღიარა, რომ GWM თავისი კონკურენტებისგან ბევრ რამეს სწავლობს. ჰუიქსიაომ ისიც თქვა, რომ სპეციალურად ამ პროექტისთვის, კომპანიამ ჩინეთში ნიურბურგრინგის ექსპერტიც ჩაიყვანა და გერმანული ტრასის შესახებ ბევრი რამ შეიტყო.

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანია თავისი ახალი სუპერქარისთვის ზემოთ ნახსენებ V8 ძრავას გამოიყენებს. ვუს თქმით, ძრავა „ძალიან დიდი იქნება“, თუმცა სხვა არაფერი დაუკონკრეტებია.

Tank 700-ში კომპანია ამჟამად ამჟამად ტვინტურბო V6 ძრავას გვთავაზობს, რომელიც 516 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასევე არსებობს Tank 500 Hi4-Z, რომელსაც აქვს 851 ცხენის ძალის PHEV სისტემა. ეს უკანასკნელი 2-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავას ორ ელექტროძრავასთან აერთიანებს.

Ferrari-ს SF90 Stradale-ის ხსენება მიგვანიშნებს, რომ GWM-ის ახალი მოდელი, სავარაუდოდ, plug-in ჰიბრიდული სისტემით იქნება წარმოდგენილი. ჩინეთს უკვე აქვს სრულად ელექტრო მანქანების მზარდი სეგმენტი, მათ შორის BYD Yangwang U9 და GAC Aion Hyper SSR. როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონკურენტებთან ბრძოლისთვის, ვუ ამტკიცებს, რომ GWM-მა „უნდა ააშენოს მანქანა, რომელიც ადრენალინის გამომუშავებას, ჰორმონების და დოფამინის აფეთქებას გამოიწვევს“.

 

მსგავსი სიახლეები