ტარიფი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჰონდა სივიკი, ავტოწარმოება, აუდი, იაგუარ ლენდ როვერი
Aa
Aa

ამერიკის ტარიფები ავტომობილების გლობალურ წარმოებას 1.5 მილიონით შეამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფები არა მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაზე, არამედ ავტომობილებზეც ფასებს ზრდის. თუმცა სავარაუდოდ, ტარიფების გავლენა ავტომობილების წარმოებაზეც აისახება - თან, საკმაოდ შესამჩნევად. ამის მიზეზი კი, უმეტესად, აშშ-ში გაყიდვების ვარდნაა. 

S&P Global Mobility-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2025 წელს ავტომობილების გაყიდვებმა შესაძლოა 87.9 მილიონ ერთეულს მიაღწიოს, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. კლება კი, თითქმის, 1.55 მილიონი ავტომობილის ეკვივალენტია. ეს შესაძლოა წარმოების შემცირების მეორე წელი იყოს მას შემდეგ, რაც გასულ წელს წარმოება იაპონიაში რამდენიმე ბრენდის ქარხნის გაჩერების გამო დაეცა.

როგორც Nikkei Asia აღნიშნავს, ადგილობრივად გაყიდული ყველა ახალი ავტომობილის თითქმის 50% ამერიკის ფარგლებს გარეთ იწარმოება. გარდა ამისა, ავტონაწილების 30%-დან 60%-მდე იმპორტირებულია. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილების წარმოება 2025 წლის განმავლობაში 9%-ით შემცირდეს, ხოლო აშშ-ში გაყიდვების მოცულობა 3%-ით დავარდეს. 

ავტომობილებზე გავლენა შესაძლოა წლები გაგრძელდეს. რამდენიმე ავტომწარმოებელმა, მათ შორის Audi-მ და Jaguar Land Rover-მა, შეერთებულ შტატებში ექსპორტი შეაჩერეს და არსებულ მარაგებზე იმ იმედით დაიწყეს მუშაობა, რომ შტატები ტარიფებს ავტოინდუსტრიაზე კიდევ უფრო შეამსუბუქებს. 

ზოგიერთი ავტომწარმოებელი აკეთებს იმას, რაც ამერიკის გეგმებშია: წარმოების ნაწილი შეერთებულ შტატებში გადააქვს. Volvo-მ გასულ კვირას ადგილობრივად მეორე მოდელის წარმოების დაწყება დააანონსა. ეს მოდელები სავარაუდოდ XC60 ან XC90 იქნებიან. ადგილობრივ ბაზარზე Civic Hybrid-ის წარმოებას იწყებს Honda, ხოლო Mercedes-მა აშშ-ში წარმოების გაძლიერება დააანონსა. თუმცა ამას „რამდენიმე წელი“ დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები