2026 წლის Toyota RAV4: ყველაფერი, რაც ვიცით
Toyota RAV4 წლებია მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. Toyota-მ გასულ წელს შეერთებულ შტატებში 475 193 ერთეული RAV4 გაყიდა. ასაკის მიუხედავად, კომპაქტური კროსოვერის გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 3 პროცენტით გაიზარდა.
შესაბამისად, ახალი თაობის RAV4-ის წარდგენას ყველა მოუთმენლად ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ Toyota თავის ახალ მოდელზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, ინტერნეტში RAV4-ის პროტოტიპები ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა. იანვრის ბოლოს, დეტროიტში შენიღბული სატესტო მოდელი შეამჩნიეს, რომელიც წარმოების საბოლოო ვერსიას ჰგავდა.
ყველაფერი ეს კი, იმის ნიშანია, რომ ოფიციალური დებიუტი ახლოვდება. პრეზენტაციის თარიღი ამჟამად 20 მაისია.
თიზერში RAV4-ის დრონით გადაღებული კადრებია მოცემული, ძირითადად ზედა ხედით. როგორც ვიდეოში Toyota ამბობს, „მისი ბესტსელერი ურბანული ქუჩებიდან ღია ცის ქვეშ დასაბრუნებლად მზადაა“. თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელ მოდელზეა საუბარი.
RAV4-ის ადრინდელი ჯაშუშური ფოტოებით, მოდელი შედარებით უფრო დიდი ზომისაა და უფრო ვერტიკალური სილუეტი აქვს. დიზაინი, როგორც ჩანს, უფრო გამოკვეთილი ფორმებისაა, თუმცა შესაძლოა შენიღბვა ამის დანახვის საშუალებას არ გვაძლევდეს. ფანჯრისა და C-ს ფორმის ფარების სტილი კი, Toyota-ს უახლეს დიზაინის ენას იმეორებს.
როგორც ამბობენ, Toyota RAV4-ის წარმოებას შეერთებულ შტატებში გააგრძელებს, რათა აშშ-ის ახალი ტარიფები თავიდან აიცილოს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმით მოდელის კანადიდან და იაპონიიდან იმპორტი განიხილებოდა, თუმცა გამოცემათა ვარაუდით, წარმოება Toyota Motor Manufacturing Kentucky-ში გაგრძელდება. თუ ასეა, ახალი თაობის მოდელის წარმოება იქ 2027 წლამდე არ დაიწყება.
ჰიბრიდული და plug-in ჰიბრიდული ვერსიები თავისთავად ცხადია, თუმცა საკითხავია შეინარჩუნებს თუ არა Toyota აშშ-ში ბენზინზე მომუშავე მოდელებს. ამ შემთხვევაში, უფრო მაღალ ფასსაც უნდა ველოდოთ. 2025 წლის RAV4 Hybrid-ის საბაზო მოდელი ამჟამად 33 695 დოლარიდან იწყება, რაც დაახლოებით 3 000 დოლარით მეტია შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიაზე.