დახვეწილი და კონკურენტებზე იაფი: 2020 წლის Lexus RC F
2020 წლის Lexus RC F-ი კომპანიის RC კუპეს გაძლიერებული ვერსიაა. ის თავისი სტილითა და 472 ცხენისძალიანი V-8 ძრავით გამოირჩევა. RC F-ის სალონი უფრო მდიდრული და ხარისხიანია, ვიდრე სხვა სპორტული მანქანების. ავტომობილის საბაზისო მოდელის ფასი არც თუ ისე მაღალია და, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ სტანდარტურ ფუნქციას, რაც ამ ავტომობილს აქვს, მაშინ ის მასში გადახდილი თითოეული თეთრი ღირს. RC F-ი ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც მის კლასში სხვა ავტომობილები, მაგრამ თუ ხელმისაწვდომი ფასის სპორტულ კუპეს ეძებთ, ეს მანქანა კარგი არჩევანია.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
2020 წლის მოდელს განახლებული ექსტერიერი და ინტერიერის დეტალები აქვს. 2019 წლის მოდელთან შედარებით. მაჩვენებლებიც გაუმჯობესებულია. მანქანის წონა შემცირდა. დაკიდების სისტემაც განახლებულია. RC F-ის მაშუქები და ცხაურა დახვეწილია. ხაზს Track Edition ვერსია დაემატა.
ფასი
- Base: $65,925
- Track Edition: $97,825
საბაზისო მოდელ RC F-ს ბევრი სტანდარტული ფუნქცია აქვს. ვინც გაძლიერებულ ტექნიკურ მაჩვენებლებს ეძებს, მათთვის Track Edition არსებობს, რომელიც, როგორც ხედავთ, გაცილებით ძვირი ღირს. მას კარბონ-კერამიკული Brembo-ს მუხრუჭები და წითელი ფერის ტყავის ინტერიერი აქვს. საბაზისო მოდელზე მსუბუქია და უკეთესი მაჩვენებლები აქვს. საბაზისო მოდელს 19-იანი დისკები, უკანა ფრთა, ცხაურა, ავტომატური LED მაშუქები, წვიმაზე მგრძნობიარე საწმენდები და გათბობადი გვერდითა სარკეები აქვს. ყველა RC F-ს Lexus Safety System+, რაც მძღოლის დამხმარე სისტემებს გულისხმობს, მაგალითად, წინა შეჯახებაზე გაფრთხილებას და ადაპტურ კრუიზ კონტროლს.
ძრავა და მართვადობა
2020 წლის Lexus RC F კუპეს 5.0-ლიტრიანი V-8 ძრავა აქვს, რომელიც 472 ცხენის ძალას და 535ნმ-ს გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს უგზავნის. 0-100კმ/სთ-ამდე 4.3 წამში აღწევს. 0.2 წამით სწრაფად, ვიდრე წინა მოდელი. თუმცა, სეგმენტში ზოგ მანქანას უკეთესი აჩქარება აქვს, მაგალითად, BMW M4 Competition-ს. Track Edition-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4 წამია. მაქსიმალური სიჩქარე - 270კმ/სთ.
მართვადობის კომფორტი RC F-ისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა, თუმცა, სეგმენტში მის კონკურენტებს ჩამორჩებოდა. 2020 წელს Lexus-მა ამის აღმოფხვრა სცადა. ახალ, ადაპტურ დაკიდების სისტემასა და ზაფხულის საბურავებთან ერთად, ყოველდღიურობისთვის კომფორტულია.
აეროდინამიკა გაუმჯობესებულია, განსაკუთრებით კი Track Edition-ის შემთხვევაში, მაგრამ იმდენადაც არა, რომ, საბაზისო მოდელთან შედარებით, მნიშვნელოვანი განსხვავება იგრძნოთ.
განახლებული დაკიდების სისტემა გზის უსწორმასწორობას კარგად უმკლავდება. მანქანა ახლა უფრო მსუბუქია, მაგრამ წონის სიმცირეში თავის კონკურენტებს მაინც ჩამორჩება.
საწვავის მოხმარება
ეს მანქანა სეგმენტში კონკურენტებს ვერც საწვავის ეკონომიით ჯაბნის. ამ ტიპის ავტომობილისთვის საშუალო მაჩვენებელი აქვს. EPA-ს შეფასებით, ქალაქში 100კმ/ზე 14.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე 9.8 ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი - 12.4 ლიტრს.
ექსტერიერი და ინტერიერი
2020 წელს RC-F-ის დიზაინში მცირედი განახლებებია შეტანილი. სტილი უფრო დახვეწილია. Track Edition-ს დიზაინში ტრეკზე ფოკუსირებული აგრესია აქვს. ორივე ვერსიას Bi-LED მაშუქები აქვს და Michelin Pilot Sport 4S საბურავებითაა აღჭურვილი. საბაზისო მოდელი 19-იანი დისკებითაა. Track Editon-ის დისკებიც 19-იანია, მაგრამ უფრო მსუბუქი. RC F-ის უკანა ფრთა სიჩქარეზე აქტიურდება. Track Edition ვერსიას კარბონის მეტი დეტალი და ტიტანიუმის მაყუჩი აქვს.
RC RC F Track Edition
როგორც იქნა, RC F-ის ინტერიერში მაღალი ხარისხის მატერიაა გამოყენებული. ავტომობილს ადგილი 4 მგზავრისთვის აქვს. წინა სავარძლები მრავალგვარად ადაპტირებადია და ხანგრძლივი მგზავრობისთვის კომფორტულია. უკანა სავარძლებზე იმავეს ვერ ვიტყვით. დახრილმა სახურავმა უკანა სავარძლის მგზავრებისთვის სივრცე შეიწირა და იქ კომფორტულად მხოლოდ ბავშვები თუ მოთავსდებიან. მართალია, მატერია მაღალი ხარისხისაა, მაგრამ Lexus-ი ფერების ფართო არჩევანს არ გვთავაზობს. ტყავი მხოლოდ ფერების ორ კომბინაციაშია ხელმისაწვდომი. შავ-წითელი და შავ-თეთრი. Track Edition-ის შემთხვევაში ალკანტანრას საფარის არჩევა შესაძლებელია. წითელი ფერი კარბონის დეტალებს უხდება.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
სალონის ხარისხს საინფორმაციო-გასართობი სისტემა აფუჭებს. Lexus-მა RC F-ი ყველაზე საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა, მაგრამ ხარისხი არც თუ ისე მაღალია. სტანდარტული მოდელები Scout GPS Link ნავიგაციით, 10-დინამიკიანი აუდიო სისტემით და SiriusXM რადიოთია. Bluetooth და Apple CarPlay სტანდარტულია. ყველა მოდელს სტანდარტული Wi-Fi ჰოთსფოთი აქვს. საინფრომაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 7.0-ინჩიანია, თუმცა, 10.3-ინჩიანი ეკრანის არჩევა შესაძლებელია. ინტეგრირებული ნავიგაციის და Mark Levinson აუდიო სისტემა დამატებითი არჩევანია. სამწუხაროდ, Android Auto ხელმისაწვდომი არაა.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
2020 წლის Lexus RC F National Highway Traffic Safety Administration-ს ან Insurance Institute for Highway Safety-ს ჯერ არ შეუმოწმებია, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვით. 2019 წლის მოდელმა IIHS-ის შეჯახების ყველა ტესტში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მანქანას მძღოლის დამხმარე ბევრი ფუნქცია აქვს. მათ შორის ბევრი სტანდარტულია, ზოგი კი დამატებითი.
- სტანდარტული წინა შეჯახებაზე გაფრთხილება ქვეითის შემჩნევით;
- სტანდარტული ადაპტური კრუიზ კონტროლი;
- სტანდარტული ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება ზოლში დარცენის დამხმარე სისტემით;
- დამატებითი უხილავი წერტილის მონიტორინგი და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება.
ყველა ამ ფუნქციასთან ერთად, ამ ავტომობილში თქვენი უსაფრთხოება საკმაოდ დაცული იქნება.
დასკვნა
2020 წლის Lexus RC F-ს დახვეწილი ექსტერიერი აქვს. ინტერიერში ხარისხიანი მატერიაა გამოყენებული, თუმცა, Lexus-ი ფერების ფართო არჩევანს არ გვთავაზობს. 2019 წლის მოდელთან შედარებით, ავტომობილს გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვს. შედარებით მსუბუქია, თუმცა, საერთო ჯამში, ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად ამისა, მართვადობის დინამიკა კარგია და ეს მანქანა ყოველდღიურობაში გამოყენებისას დისკომფორტს არ შეგიქმნით. საინფრომაციო-გასართობი სისტემა უხარისხოა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი, რითაც ეს ავტომობილი სეგმენტის ლიდერებს ჯაბნის, არის საბაზისო, საკმარისად კარგად აღჭურვილი მოდელის შედარებით დაბალი ფასი. Track Edition-ში კი დამატებითი 32 000$-ის გადახდა სრული უაზრობაა.