Mercedes-Benz-ისა და BMW-ის ყველაზე პოპულარული მოდელები საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდეა გაზრდილი. 2023 წელს, ეს მაჩვენებელი, 1 680 400 ერთეულ ავტომობილს უტოლდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის ჭრილში მატებამ 110 151 ავტომობილი შეადგინა.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით Mercedes-Benz-ისა და Toyota-ს მოდელები სჭარბობს. ავტომობილების დიდი ნაწილი კი, თბილისის მასშტაბითაა თავმოყრილი. საქართველოში ჯამში 223 300 ერთეული Mercedes-ი და 201 556 ერთეული Toyota-ს ავტომობილია რეგისტრირებული. ამ რეიტინგით, BMW ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილებით მეექვსე პოზიციაზეა.
2024 წლის დასასრულს, საქართველოში რეგისტრირებული Mercedes-ის მარკის ავტომობილების რაოდენობამ 223 300 ერთეულს მიაღწია - აქედან, 86 000-ზე მეტი თბილისზე მოდიოდა. რეგისტრირებულ მოდელებს შორის საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით C180 სარგებლობს - ჯამში 18 151 ერთეული, შემდეგ კი, Sprinter-ი მოდის 13 081 ერთეული ავტომობილით. ამასთან ერთად, საქართველოში 5 ყველაზე პოპულარულ მოდელს შორის ვხვდებით, E320-ს (9 341 ერთეული), E350-სა (7 814 ერთეული) და ML350-ს (7 147 ერთეული).
2024 წლის ბოლოსთვის, საქართველოში სულ BMW-ის 85 818 ერთეული ავტომობილი იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში BMW-ის ავტომობილების რაოდენობა 1 000 ერთეულზე მცირედით მეტითაა გაზრდილი. ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი კი, თბილისშია თავმოყრილი - დაახლოებით, 43 000 ერთეული.
საქართველოში რეგისტრირებული BMW-ის მოდელებიდან ყველაზე პოპულარული X5-ია. საქართველოს მასშტაბით სულ 7 060 ერთეული X5-ია რეგისტრირებული. შემდეგ მოდის 520i – 5 170 ერთეულით და 320i – 4 521 ერთეულით. BMW-ის ხუთ ყველაზე პოპულარულ მოდელს შორისაა BMW 318i და BMW 328i - შესაბამისად, 4 439 და 4 438 რეგისტრირებული ერთეულით.