Honda თუ Hyundai? | სტუდენტების ფუტურისტული სპორტქარი
ზოგჯერ საუკეთესო იდეები არა გამოცდილ დიზაინერებს, არამედ დამწყებ პროფესიონალებს, მათ შორის სტუდენტებს მოსდით. ზუსტად ასე მოხდა, როდესაც Hyundai-მ, მიუნხენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტებს, მომავალზე ორიენტირებული გამოწვევა შესთავაზა.
შედეგად მივიღეთ Hyundai Obsidian-ი - ფუტურისტული სპორტული მანქანის სრულმასშტაბიანი კონცეფცია, რომელიც ერთდროულად თითქოს ახალი და ასევე, ძალიან ნაცნობი დიზაინის შთაბეჭდილებას გვიტოვებს.
პროექტის ხელმძღვანელი Hyundai Europe-ის დიზაინის მიმართულების უფროსი ედუარდო რამირესია. მან სტუდენტებს ერთი მარტივი კითხვით მიმართა: „რა შეიძლება იყოს შემდეგი, განსხვავებული გამოცდილება Hyundai-ს მძღოლებისთვის?“. ამ კითხვის შემდეგ, სტუდენტებმა უფრო დახვეწილ მოდელზე ფიქრი დაიწყეს, თუმცა ისე, რომ Hyundai-ის ჩვეულ ჭრილშიც დარჩენილიყვნენ.
გამარჯვებული შეთავაზება ტრანსპორტის დიზაინის მიმართულების სტუდენტს, დომინიკ ანდერსენს ეკუთვნის. მის მიერ შემუშავებული ახალი თაობის Hyundai მდიდრული დიზაინით და ფართო სალონით გამოირჩევა. Hyundai Obsidian-ი ხუთკარიანი სპორტული მანქანაა, რომელიც Honda 0 Sedan-ის დიზაინერულ ენასაც მოგვაგონებს.
მოდელის ბრტყელი ფორმის ცხვირი LED-მაშუქებითაა აღჭურვილი. საქარე მინა კაპოტის ხაზს აგრძელებს და ეს თითქმის მსგავსია იმისა, რაც Cybertruck-ზე გვინახავს. აგრესიული კორპუსი დიდი ზომის მაშუქებითა და ფართო უკანა დიფუზორით სრულდება. მოდელი კი, ალუმინის დიდი დიამეტრის დისკებზე დგას.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონცეფციის მთავარი მიზანი დიზაინის შესწავლა გახლდათ, მისი ძრავის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა პროპორციები და დახურული ზედაპირები ბატარეაზე მომუშავე ელექტროსტრუქტურაზე მიგვანიშნებს.
Obsidian-ის ვიდეო Hyundai-მ Facebook-ზე გადააზიარა და მას „უდავოდ შესანიშნავი“ უწოდა. ვიზუალურად ის ნამდვილად მიმზიდველია. თუმცა, უდავოა, რომ ის Honda-ს სამომავლო 0 Sedan-ს ჰგავს, რომლის ჩაშვებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.