Toyota GR Supra-ს უკანასკნელი ორი მოდელი, ევროპის ბაზრისთვის
Toyota GR Supra საბოლოო გამომშვიდობებისთვის ემზადება. თუმცა სანამ ეს მოხდება, კომპანია ევროპისა და იაპონიის ბაზრისთვის ბოლო ორ GR Supra-ს წარადგენს, და მომხმარებელსაც „სათანადოდ“ დაემშვიდობება. წარმოება მხოლოდ 300 ერთეულით შემოიფარგლება, მძღოლები კი უფრო მძლავრ ძრავას, განახლებებს და რა თქმა უნდა, უფრო მეტ კარბონსაც მიიღებენ.
დავიწყოთ A90 Final Edition-ით, რომელსაც BMW Z4-ის ტურბოძრავიანი 3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავის გაუმჯობესებული ვერსია უყენია. შედეგად მოდელი ახლა 429 ცხენის ძალას და 570 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ძრავა გაუმჯობესებულია განახლებული ჰაერის შემშვებით, კატალიზატორითა და ძრავის მართვის საშუალებებით, რამაც სტანდარტულ GR Supra-სთან შედარებით ცხენის ძალების რაოდენობა 94-ით, მაბრუნი მომენტი კი, 70 ნმ-ით გაზარდა. Toyota ამით არ შემოიფარგლა და მანქანა გაუმჯობესებული გაგრილების სისტემითა და აქტიური დიფერენციალით განაახლა.
ამ ყველაფერს ემატება ძარის არქიტექტურა, რომელიც GR Supra GT4-ის სარბოლო მანქანითაა შთაგონებული. ხმის გაუმჯობესებას კი, Akrapovic-ის ტიტანის გამონაბოლქვი სისტემა უზრუნველყოფს. A90 Final Edition-ს მსუბუქი 19-ინჩიანი წინა და 20-იანი უკანა ბორბლები აქვს, რომლებიც Michelin Pilot Sport Cup 2 საბურავებშია გახვეული - მაქსიმალური მოჭიდებისთვის.
A90 Final Edition-ი რეალურად გთავაზობთ ყველაფერს, რაც ღირსეულ გამომშვიდობებას შეესაბამება. დახვეწილი დიზაინის კარბონის უკანა სპოილერი, განახლებული სპლიტერი, უკანა გამოსაბოლქვი ორმაგი მილი... ინტერიერში კი კარბონის Recaro Podium CF-ის სავარძლებია, რომელიც სალონს სარბოლო დიზაინში გააწყობს.
შეზღუდული წარმოების A90 Final Edition-ის გარდა, Toyota-მ GR Supra-ს ოდნავ განახლებული ვერსიაც წარადგინა. Lightweight Evo გლობალურ ბაზრებზე - იაპონიაში, ევროპასა და ავსტრალიაში იქნება წარმოდგენილი. ექსტერიერის მახასიათებლებს შორისაა ახალი კარბონის სპოილერი და წინა მაშუქებზე განახლებული ვენტილაციის ხვრელები, რომლებიც აეროდინამიკის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. ავტომობილი 19-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას, რომლებიც helin Pilot Super Sport-ის საბურავებშია გახვეული.
ეს უკანასკნელი 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი და 382 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება 6-სიჩქარიან მექანიკასა და 8-სიჩქარიან ავტომატიკას შორის კვლავ შეუძლია. A90 Final Edition-ისა და Lightweight Evo-ს გარდა კი, იაპონიისა და ევროპის ბაზარი სტანდარტულ GR Supra-საც მიიღებს - 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანითა და 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავებით.
რაც შეეხება ფასებს, ევროპაში ვერსიების მიხედვით ახალი მოდელების ღირებულება ასე ნაწილდება:
GR Supra Dynamic (2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი) - €63,250
GR Supra Legend (3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი) - €73,250
GR Supra Lightweight Evo - €78,950
GR Supra A90 Final Edition - €142,800