Maserati Quattroporte - ავტომობილი, რომელიც თავისი ხარვეზებით უყვართ
იტალიურ ავტომობილებს ყველაფერი განსხვავებული აქვს - დიზაინი, ინტერიერი, ძრავის ხმა და სახელწოდებაც კი. ამ ავტომობილების უმრავლესობა იმდენად ლამაზად გამოიყურება, ისეთი მიმზიდველი ხმა აქვს და სახელწოდებებიც იმდენად კარგად ჟღერს, რომ სხვა დანარჩენ ხარვეზებზე ავტომობილისტები თვალებს ხუჭავენ. ეს უნარები ძირითად პრობლემებს მნიშვნელოვნად აკომპესირებს. Maserati Quattroporte სწორედ იმ იტალიურ ავტომობილს წარმოადგენს, რომელიც ჩქარია, საუცხოოდ გამოიყურება და გარკვეული პრობლემები მასაც ჰქონდა. თუმცა ძალიან რთულია მოძებნო ავტომოყვარული, რომელსაც ეს მოდელი არ მოსწონს.
მე-4 თაობის Quattroporte 1994 წელს გამოვიდა და მასში 2-ლიტრიანი და 2.8-ლიტრიანი ტურბო ძრავები იყო მოთავსებული. ორივე აგრეგატი 6-ცილინდრიანი იყო და ორივეს თითქმის ერთნაირი ცხენის ძალა ჰქონდა. თუმცა 2.8-ლიტრიანი ძრავა უფრო მეტ ნიუტონს გამოიმუშავებდა. მომდევნო წლებში ავტომობილში 3.2-ლიტრიანი 8-ცილინდრიანი ძრავა მოათავსეს, რომელსაც 335 ცხენის ძალა ჰქონდა. იტალიური სედანი 6-სიჩქარიანი მექანიკური და 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფებით იყო აღჭურვილი.
მიუხედავად ძლიერი ძრავისა Quattroporte-ს მრავალი ხარვეზი ჰქონდა. ძარას მალე უჩნდებოდა ჟანგი, აგრეთვე ელექტროობაში დაუმთავრებელი პრობლემები ჰქონდა. ამ პრობლემების გამო მომხმარებლები ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. წარმოებიდან 4 წლის თავზე (1998 წელს) Quattroporte-ს მხოლოდ 518 ერთეული გაიყიდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანიის მართვის სადავეები FIAT-მა იტალიურ გიგანტს, Ferrari-ს მიჰყიდა.
1998 წლის ბოლოს იტალიურ ავტო შოუზე „ფერარიმ“ განახლებული Quattroporte წარადგინა. პრეზენტაციისას ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნულ მოდელში ყველა ხარვეზი აღმოფხვრილი იყო და ავტომობილს საერთო ჯამში 800-ზე მეტი კომპონენტი შეეცვალა. თუმცა ამ ფაქტმა მდგომარეობა დიდად ვერ გამოასწორა და 2001 წელს აღნიშნული მოდელის წარმოება შეწყდა.
მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, მე-4 თაობის Quattroporte 90-იანების ავტომოყვარულებს ძალიან უყვართ. მისი უკანა არასტანდარტული ფრთა, აგრესიული ვიზუალი და მძლავრი ძრავა ყველას ძალიან ენატრება.