ელექტრომობილი, სტელანტისი, ოპელი, ოპელ გრანდ ელექტრიკი
Aa
Aa

Opel-ი დაბრუნდა | მწარმოებელმა დღეისთვის ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა

Stellantis-ი თავის ყველა ბრენდში თითქმის ერთი და იმავე ნაწილებს იყენებს. შედეგად, მაშინ, როდესაც ერთი მოდელი განახლებას იღებს, იგივეს სხვებზეც უნდა ველოდოთ. ამჟამად, კომპანიამ უახლესი Grandland-ი წარადგინა, რომელიც ყველაზე მძლავრი Opel-ია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ.

სრულად ამძრავი Opel Grandland Electric-ი 321 ცხენის ძალას და 509 ნმ-ს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც 0-დან 100-მდე 6.1 წამში ჩქარდება. ახალი Opel-ის წინა ძრავა 210 ცხენის ძალას, ხოლო უკანა 111 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. მძღოლს შეუძლია Eco, Normal, AWD და Sport რეჟიმები აირჩიოს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ძრავასა და საჭეზე ახდენს. ამ ყველაფერს სტანდარტული 73 კვტ/სთ-ის ბატარეის ბლოკი ემატება, რომლის საშუალებითაც ავტომობილს 500 კმ-ის დაფარვის შესაძლებლობა აქვს.

დიზაინში ცვლილებები დახვეწილია, თუმცა ფუნქციონალური. სრულამძრავიან Grandland-ს უფრო სპორტული წინა და უკანა ბამპერი აქვს, რომლებიც როგორც ამბობენ, აეროდინამიკურად ოპტიმიზებულია და კარბონის სტილის აქცენტებითაა გაფორმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მოდელი 20-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას. ამ გაუმჯობესებების შედეგად ავტომობილის შუბლური წინაღობის კოეფიციენტი 0.278 Cd-ს აღწევს.

უკანა მხარეს, Grandland-ის ქრომირებული ნიშანი უკანა კარზე დატანილი ამოტვიფრული წარწერითაა შეცვლილი. ინტერიერის ძირითადი ნაწილი თითქმის უცვლელია, თუ არ ჩავთვლით Intelli-ს სავარძლებისთვის ოდნავ განსხვავებულ ფერთა პალიტრას. მოდელი ევროპის ბაზარზე გაიყიდება, თუმცა ქვეყნების მიხედვით Opel-ის ან Vauxhall-ის ბრენდინგით.

Opel-ს Grandland Electric AWD-ის ევროპაში გაშვების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. თუმცა Vauxhall-ის ვერსიის მოდელი გაერთიანებულ სამეფოში შემოდგომაზე გამოჩნდება. ფასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

 

მსგავსი სიახლეები