Tesla-ს 10 000-ზე მეტი მძღოლი უჩივის
Tesla-ს პრობლემები არ მთავრდება. გაყიდვების კლებას, საზოგადოების უკმაყოფილებასა და კომპანიის მფლობელის რეპუტაციას, ახალი პრობლემები ემატება. არც სამართლებრივი დავებია Tesla-სთვის ახალი, თუმცა ამჯერად, ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელს 10 000-ზე მეტი მომხმარებელი უჩივის. ავსტრალიაში, Tesla-ს წინააღმდეგ ორი ჯგუფური სარჩელია შეტანილი, მძღოლები კი, ჩივიან ყველაფერზე - დამუხრუჭების დეფექტებიდან დაწყებული, შეცდომაში შემყვანი მარკეტინგით დასრულებული.
სარჩელის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თებერვალში გავრცელდა. როგორც ახალი დეტალები მიუთითებს, სარჩელი ოფიციალურად, იურიდიული ფირმა JDA Sadder-ის საშუალებით, ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს. წარდგენილი საჩივარი მიუთითებს ელექტრომობილების გაუმართაობაზე, როდესაც ავტომობილები გაფრთხილების გარეშე ამუხრუჭებენ. ერთ-ერთმა მფლობელმა ისიც განაცხადა, რომ მისი მანქანა გზატკეცილზე შესამჩნევად შენელდა, რასაც ბრალმდებელთა ნაწილი ასევე ეთანხმება.
იურიდიული ფირმის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიამ ავტომობილების მოულოდნელი დამუხრუჭების შესახებ არაერთი საჩივარი მიიღო. მანქანა კი, ხშირ შემთხვევაში მაშინ ამუხრუჭებს, როდესაც მაგისტრალზე 100-110 კმ/სთ-ით გადაადგილდება. რაც ასევე საყურადღებოა, დამუხრუჭება მხოლოდ EV-ის ავტოპილოტ რეჟიმზე არ ხდება და სტანდარტული მართვის პირობებშიც ხშირია.
გამოდის, რომ მაშინაც კი, როდესაც საჭეზე მძღოლს სრული კონტროლი აქვს, ელექტრომობილი მოულოდნელად ამუხრუჭებს. ამ ფაქტის გამო, მძღოლები ავტომობილის მართვის დროს შეშინებულები არიან, რადგან არსებობს რისკი, რომ ავარიის რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.
დამუხრუჭების პრობლემის გარდა, სარჩელი რეკლამირებაში არსებულ პრობლემებზეც მიუთითებს. სარჩელში აღნიშნულია, რომ ელექტრომობილები ვერ აღწევს იმ დიაპაზონს, რომელიც რეკლამაშია მითითებული მაშინ, როდესაც ბატარეის დოზე 50%-ზე მეტია. Tesla-მ უკვე რამდენიმე წელია იცის, რომ მისი მანქანები ვერ აკმაყოფილებენ გარბენის მოთხოვნებს, თუმცა არაფერი გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.