Alpina B3 S - სტილი, რომელიც არ ბერდება
სტანდარტული მოდელის გაუმჯობესება ყოველთვისაა შესაძლებელი. სხვაობა შეიძლება ისეთ ნიუანსებში იყოს, რომელიც ავტომობილის ხასიათს განაპირობებს. ზოგიერთი ტუნინგ კომპანია სტანდარტულ საოჯახო ავტომობილს ნამდვილ სარბოლო „ბოლიდად“ აქცევს. Alpina იმ კომპანიების მიეკუთვნება, რომლებიც ავტომობილის სპორტულ და კომფორტულ ხასიათს ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებენ. ეს კომპანია BMW-ს მოდელებს უკვე ნახევარი საუკუნეა ხვეწავს. ვერსად ნახავთ ავტომოყვარულს, რომელსაც Alpina-ს მოდელები სიგიჟემდე არ უყვარს. მე-3 სერიის მოდელებიდან „ალპინას“ პირველი პატივი BMW E30-ს ერგო, რასაც შემდგომი მოდელებიც მოჰყვა, თუმცა ჩვენ დღეს BMW E46-ს Alpina-ს გავიხსენებთ, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და საკმაოდ ჩქარიც იყო.
პირველად B3 3.3 (E46) მოდელი ვიხილეთ, რომელსაც განახლებული Alpina B3 S მოდელიც მოჰყვა. ამ ორ მოდელს შორის სხვაობა მცირეა და ერთმანეთთან ძალიან ბევრ იდენტობას იზიარებდა. ვიზუალურად „ალპინასთვის“ ბამპერებზე დამატებული სპოილერები, ბრენდის სტიკერები, დისკები და ავტომობილის განსხვავებული ფერები აქაც ტრადიციული იყო. ეს ავტომობილი მათთვის იყო ვისაც კომფორტული და განსხვავებული M3 უნდოდა. მოგეხსენებათ, რომ M3 მოდელი მხოლოდ კუპე და კაბრიოლეტი არსებობდა, „ალპინას“ აგრეთვე ფურგონი და სედანიც კი ჰყავდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ M3-სგან განსხვავებით Alpina-ს მოდელებში ავტომატური გადაცემათა კოლოფიც იყო ხელმისაწვდომი.
აღნიშნული ავტომობილი მისი წინა მოდელის, E36 USA M3 (S52B32) ძრავით იყო აღჭურვილი. მისი შესაძლებლობები გააუმჯობესეს, აგრეთვე მოცულობაც 3.3 ლიტრამდე გაზარდეს და 305 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც 65-ით მეტი იყო ვიდრე სტანდარტული ძრავის მონაცემები. აგრეგატის მიერ გამომუშავებული 362 ნიუტონი, 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით ავტომობილს 0-100 5.2 წამში აჩქარებდა, ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 271 კმ/სთ-ს შეადგენდა. დაკიდების და სამუხრუჭე სისტემებიც გაუმჯობესებული იყო, რადგან ავტომობილის მართვა მეტად სასიამოვნო და უსაფრთხო ყოფილიყო. ამ ყველაფერს 18-იანი „ალპინას“ საფირმო დისკები ძალიან უხდებოდა, რომლის ტრადიციული სტილიც ყველა მოდელში დღემდე დაცულია.
Alpina B3 S თავის პირვანდელ მოდელთან (B3 3.3) შედარებით ნაკლებად იყო ცნობილი, თუმცა უამრავი ავტომოყვარულის აზრით B3 S მეტად დახვეწილი და სასურველი იყო.