დიზელზე მომუშავე სუპერქარები
ფერუჩიო კოვინი იტალიელი ავტოინჟინერია, რომელმაც 1978 წელს კომპანია Covini Engineering-ი დააარსა. კომპანიას უცნაური და განსხვავებული ხედვა გააჩნდა, იგი დიზელზე მომუშავე სპორტული ავტომობილების შექმნაზე იყო ორიენტირებული.
კომპანიის პირველი პროექტი B24 მოდელი იყო, რომელმაც დიზელზე მომუშავე ავტომობილების სიჩქარის რეკორდი 1981 წელს დაამყარა. ავტომობილს 4-ცილინდრიანი და 2.4-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა ჰქონდა, რომელიც 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილის ვიზუალი კარგ აეროდინამიკურ ეფექტსაც იძლეოდა, შესაბამისად მაქსიმალურმა სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა, რაც იმ დროისთვის დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეკორდი იყო. ეს კონკრეტული ავტომობილი სულ 9 ერთეული შეიქმნა და ყველა მათგანი ამერიკის ბაზარზე გაიყიდა. კომპანიამ მომდევნო წლებში რამოდენიმე განახლებული მოდელიც გამოუშვა, რომლებშიც კვლავ დიზელის ძრავებს იყენებდნენ.
1998 წელს იტალიურმა კომპანიამ ტურინის ავტო შოუზე ახალი მოდელი წარადგინა, რომელსაც C36 უწოდეს. აღნიშნული ავტომობილის დიზელზე მომუშავე ძრავა კვლავ VM Motors-ისგან ჰქონდა აღებული. ეს იყო იტალიური მცირე ზომის კომპანია, რომელიც მხოლოდ დიზელის აგრეგატებს ამზადებდა.
C36-ის ინჟინრები ირწმუნებოდნენ, რომ ავტომობილი წინა მოდელებთან შედარებით უფრო ჩქარი იქნებოდა. ავტომობილი 3.6-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ტურბო ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 231 ცხენის ძალას და 320 ნიუტონს გამოიმუშავებდა. C36-ს აეროდინამიკური ფორმაც ეხმარებოდა და მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფერუჩიო კოვინის ისტორიაში რამდენიმე დიზელზე მომუშავე სუპერქარი არსებობდა, მისი მცირე ზომის კომპანია ყველამ 21-ე საუკუნეში გაიცნო. 2004 წელს მსოფლიომ 6-ბორბლიანი ავტომობილი იხილა, რომლის მოხმარებაც ყოველდღიურ გზებზე კანონით იყო ნებადართული. ამ ავტომობილის შექმნის ინსპირაცია 70-იანი წლების ფორმულა 1-ში მოასპარეზე „ტირელი“ იყო, რომელსაც რბოლებში მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალეს.