ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, მაქს ფერსტაპენი, შარლ ლეკლერი, კარლოს საინსი, ფორმულა 1-ის პილოტები
Aa
Aa

500 000-დან $65 მილიონამდე | რამდენს გამოიმუშავებენ F1-ის პილოტები?

ბოლო წლებში, „ფორმულა 1“ პოპულარულთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან სპორტის სახეობადაც იქცა. თუმცა, თუ უახლეს მონაცემებს დავაკვირდებით, მარტივი შესამჩნევია ის განსხვავება, რომელიც F1-ის პილოტების ანაზღაურებას შორის გვაქვს. მარტივად, რომ ვთქვათ, შემოსავლები რადიკალურად განსხვავებულია და $500 000-დან $65 მილიონამდე მერყეობს.

გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ უახლესი მონაცემებით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება მოქმედ ჩემპიონს და Red Bull-ის ნომერ პირველ პილოტს, მაქს ფერსტაპენს აქვს. ნიდერლანდელმა, ბონუსების გარეშე, მხოლოდ ხელფასის სახით $65 მილიონი გამოიმუშავა. აქვე საინტერესოა, რომ მისი ამჟამინდელი თანაგუნდელის, იუკი ცუნოდას შემოსავალმა გასულ წელს მხოლოდ $2 მილიონს მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Red Bull-ის გუნდს ის მხოლოდ წელს შეუერთდა. გამომდინარე აქედან, შესაძლოა მისი ანაზღაურება მომავალში მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

Motorsport Tickets-ის მონაცემებით, მკვეთრი განსხვავებაა ლუის ჰამილტონსა და შარლ ლეკლერის ხელფასებს შორის. Ferrari-ის ახალწვეული ფერსტაპენზე მხოლოდ მცირედით ნაკლებს, $60 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო ლეკლერის ანაზღაურება კვლავ $34 მილიონია. რაც შეეხება შარლის ყოფილ თანაგუნდელს, კარლოს საინზს - Williams-ის მოქმედი პილოტის ხელფასი $10 მილიონის ფარგლებშია.

ფერსტაპენს, ჰამილტონსა და ლეკლერს ანაზღაურებებით Aston Martin-ის პილოტი ფერნანდო ალონსო მოჰყვება - $20 მილიონით. იმავე თანხას გამოიმუშავებს McLaren-ის პილოტი ლანდო ნორისი. ხოლო ოსკარ პიასტრი $6 მილიონს გამოიმუშავებს. Mercedes-ის პილოტების შემთხვევაში კი, ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება: ჯორჯ რასელი - $15 მილიონი, კიმი ანტონელი - $2 მილიონი.

მსგავსი შემოსავლების მიუხედავადაც, „ფორმულა 1“-ის გუნდებში ირიცხებიან პილოტები, რომელთა შემოსავალიც $1 მილიონს არ სცდება. მათ შორისაა ლაიამ ლოუსონი, რომლის ხელფასიც $1 მილიონს შეადგენს და ასევე ჯეკ დოანი და ისააკ ჰაჯარი, რომლებიც საშუალოდ $0.5-დან $1 მილიონამდე გამოიმუშავებენ.

 

მსგავსი სიახლეები