შიგაწვის ძრავა, ბიემვი, ბიემვი ემ3, ბიემვი ემ5
Aa
Aa

BMW: მომხმარებელს არჩევანი უნდა დავუტოვოთ | „წვის ძრავა ჩვენი საფუძველია“

ავტომწარმოებელთა ნაწილმა შიგა წვის ძრავებზე რეგულაციების დაანონსებიდან მალევე უარი თქვა და სრულად, ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთო. ნაწილმა, ამბიციური მიზნები დაისახა, თუმცა შუა გზაში მიხვდა, რომ მათ შესრულებას ვერ ასწრებდა და უკან დაიხია. თუმცა BMW მათ შორის იყო, რომელსაც ტრადიციულ ძრავებზე უარი არასდროს უთქვამს. რა თქმა უნდა, პარალელურად, ელექტრომობილების განვითარებაზეც აგრძელებდა მუშაობას.

BMW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არაერთხელ განაცხადა, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა იძულებითი არ უნდა იყოს და მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება უნდა შეუნარჩუნდეს.

BMW-ის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე გერმანულ გაზეთ Automobilwoche-სთან ახალ ინტერვიუშიც ისაუბრეს: „წვის ძრავა ჩვენი საფუძველია და ჩვენი სამომავლო ბიზნესის ფინანსურ წყაროდაც იქცევა“. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ  გასულ წელს 1.2 მილიონი ძრავა შეიქმნა. მომავალ წლებში, ტრადიციულ ძრავებზე მუშაობა ჩვეულებრივ გაგრძელდება, ინჟინრები კი, სამიდან რვა ცილინდრიან ძრავებს ევრო 7-ის მომავალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანენ.

ამ განცხადებიდან, შესაძლოა ჩანდეს, რომ BMW მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ძრავებს გულისხმობს, თუმცა ასე არაა. კომპანია დიზელის ძრავიანი ავტომობილებისთვის, შიგაწვის ძრავებთან თავსებად სხვადასხვა ტიპის საწვავს ცდის, მათ შორის HVO100-ს. HVO - „ჰიდროგადამუშავებულ მცენარეულ ზეთს“ ნიშნავს, ხოლო „100“ საწვავის ეკოლოგიურობაზე მიუთითებს. BMW-ის გერმანიაში წარმოებული მოდელები სადილეროებში სწორედ HVO100-ით ავსებული ბაკით იგზავნება.

კომპანიის მტკიცებით, HVO100-ის გამოყენების შემთხვევაში, CO₂-ის გამონაბოლქვი ჩვეულებრივ დიზელთან შედარებით 90%-მდე მცირდება. გარემოსდაცვითი სარგებლის გარდა, HVO100-ზე მომუშავე დიზელის ძრავები, ცივი სტარტის დროს უკეთ მუშაობენ და ნაკლებად არიან მიდრეკილნი მიკრობული დაბინძურებისკენ.

BMW-ი მომავლის გეგმებზე, რომელიც ევროპის რეგულაციებს შეესაბამება არ საუბრობს. თუმცა უკვე დაადასტურა, რომ ახალი, ბენზინზე მომუშავე M3-ის შემუშავების პროცესშია, სავარაუდოდ, ელექტროფიკაციის რაიმე ფორმით. ცილინდრები არ დაუკარგავს უფრო დიდ  M5-საც, რადგან მისი V8 ძრავა ახლა ჰიბრიდული სისტემის ნაწილია. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები