ეს G-Class-ი მხოლოდ ვიკინგთა ღმერთებისა და მილიონერი მონადირეებისთვისაა შექმნილი
თუ მოდიფიცირებული Mercedes-Benz G-Class-ი გსურთ, რომელიც ყველა სხვა არსებული მოდელისგან რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება, მაშინ ეს ვერსია სწორედ თქვენთვისაა. თქვენ წინაშე Carlex Design-ის უნიკალური მოდელია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანადირო თოფის მწარმოებელთან კოლაბორაციით დამზადდა.
Carlex Design-მა წლების განმავლობაში G-Wagen-ის შეზღუდული მოდელების გამოშვებით თავი დაიმკვიდრა. ამ კომპანიას თამამი ექსტერიერის რედიზაინი, განახლებული ინტერიერი და ძრავის მოდიფიკაციები გამოარჩევდა. ახლა კი, თავისი უახლესი G- Class-იც წარადგინა, რომელიც როგორც ამბობენ მხოლოდ ვიკინგთა ღმერთებისა და მილიონერებისთვისაა შექმნილი.
Carlex G-Viking-ი VO Vapen-თან თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური ვერსიაა. მოდელისთვის კომპანიებმა ყავისფერი და ვერცხლისფერი ფერები შეარჩიეს, განაახლეს წინა და უკანა ფასადები და შეცვალეს ბორბლების თაღები. ოთხი შაშხანა კი, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს უფრო ჰგავს, ვიდრე სანადირო შაშხანებს, ხელით დამზადდა. ცნობისთვის, VO Vapen-ი შვედური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სანადირო თოფს აწარმოებს.
მაგრამ, Carlex-ის მრავალი სხვა პროექტის მსგავსად, G-Viking-ის სალონიც გამორჩეულია. ასევე ხელით არის დაპატენტებული და შეღებილი ინტერიერში გამოყენებული ტყავი, ხოლო ფერებში უფრო მეტად მუქი ყავისფერი ჭარბობს. ამას ემატება სელაპის ტყავის ჩანართები და ინდივიდუალური გრავირება, მათ შორის დაფაზე.
ამ მოდელის ცენტრალური ნაწილი კი სახურავია, რომელიც რთული დიზაინით ხელით არის გრავირებული. რა გასაკვირია, რომ მის დასრულებას ასობით საათი დასჭირდა. თუმცა რაც ამ მოდელს კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის მის საბარგულში იმალება. ოთხი შეკვეთით დამზადებული შაშხანა, თითოეული შთაგონებული სკანდინავიური მითოლოგიით.
რაც მთავარია ისინი მხოლოდ დემონსტრაციისთვის არ არის შექმნილი - ეს არის ნამდვილი, ფუნქციონალური, ხელნაკეთი შაშხანები, 24-კარატიანი ოქროს დეტალებით და ორმაგი ლულით, რომლებიც ტყავის ჩასადებშია მოთავსებული.