ბუჩქად გადაცმულმა პოლიციელმა ექვს საათში 74 მძღოლი დააჯარიმა
ნიუ-ჯერსიში სამართალდამცველებმა მძღოლების მიერ ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენების შემთხვევების პრევენციისთვის საკმაოდ უჩვეულო მეთოდს მიმართეს. საპატრულო დანაყოფის ერთ-ერთი წევრი ბუჩქად გადაცმული სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განათავსეს და მას მანქანის მართვისას ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების დაფიქსირება დაავალეს.
ოპერაცია ნიუ-ჯერსის ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთზე ჩატარდა, რომელიც შტატში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მონაკვეთად ითვლება. ადგილზე ავტომობილების გარდა, ფეხით მოსიარულე პირთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია.

საინტერესოა, რომ ბუჩქად შენიღბული პოლიციელი მარტო არ მოქმედებდა. მას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კოლეგაც თან ახლდა, რომელსაც მაისურზე ირონიული ტექსტი — Not a Cop (პოლიციელი არ ვარ) — ეწერა. სამართალდამცველები მობილურით მოსარგებლე მძღოლების შესახებ კოლეგებს რადიოგადამცემის საშუალებით ატყობინებდნენ, ისინი კი კანონდამრღვევებს შედარებით მოშორებით აჩერებდნენ და კანონით განსაზღვრულად მოქმედებდნენ.
საპატრულო დანაყოფის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან სულ რაღაც 6 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ტელეფონის გამოყენებისთვის მძღოლებზე 74 ჯარიმა გამოწერეს. ცნობისთვის, ნიუ-ჯერსიში ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენებაზე მკაცრი კანონები მოქმედებს. შტატის ხელისუფლების განცხადებით, ტექსტური შეტყობინებების წერა ავარიაში მოხვედრის რისკს 23-ჯერ ზრდის.

პირველი დარღვევისთვის მძღოლი მინიმუმ 200 აშშ დოლარით დაჯარიმდება, განმეორებითი შემთხვევა კი $400-ის ჯარიმას ითვალისწინებს. მესამე დარღვევისთვის ფინანსური სანქცია $600-მდე იზრდება, მძღოლს მართვის მოწმობაზე სამი საჯარიმო ქულა ეწერება და შესაძლოა, 90 დღით ავტომობილის მართვის უფლება შეუჩერდეს.
თუმცა, ამ უჩვეულო ოპერაციის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, პოლიციელების ჩაცმულობაზე მეტად ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიპყრო. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ პატრულირებად ტერიტორიაზე ჩანს მეორე თაობის Toyota RAV4 EV. წესით, სტანდარტული მოდელის დანახვა მართლაც არავის გააკვირვებდა, თუმცა მისი ელექტროვერსია მხოლოდ რამდენიმე წელი იწარმოებოდა და, სავარაუდოდ, სულ რაღაც 2 500 ეგზემპლარად არსებობს.
შედეგად, ბუჩქად გადაცმული პოლიციელის ექსპერიმენტმა არა მხოლოდ შედეგიანობის მხრივ გაამართლა, არამედ ერთ-ერთი უიშვიათესი ელექტრომობილის კადრებიც შემოგვინახა. თუმცა თავად ოპერაცია, ალბათ, გაფრთხილება იქნება ნიუ-ჯერსის მცხოვრებლებისთვის, რომ მანქანის მართვისას მობილური ტელეფონი არ გამოიყენონ.