ბიემვი, ავტოწარმოება, ბიემვი აიიქს3
Aa
Aa

BMW-მ მიუნხენში ახალი ელექტრო i3-ის სერიული წარმოება დაიწყო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, ახალი თაობის ელექტროსედანის, BMW i3-ის, სერიული წარმოება ოფიციალურად დაიწყო. უახლესი EV-მოდელი მიუნხენში, კომპანიის ისტორიულ ქარხანაში იწარმოება და ავტოგიგანტისთვის Neue Klasse-ს პლატფორმაზე დაფუძნებული რიგით მეორე ავტომობილია, რომელიც მასობრივ წარმოებაში შევიდა.

ახალი i3 ასევე პირველი ელექტრო, მესამე სერიის BMW-ია, რომელიც ამავე ქარხანაში იწარმოება. კომპანიის განცხადებით, წარმოების მოცულობა უახლოეს თვეებში მკვეთრად გაიზრდება, რადგან მოდელზე მომხმარებელთა მოთხოვნა თავდაპირველ პროგნოზებს აჭარბებს.

BMW-ის ინფორმაციით, i3-ის გამოშვება კომპანიისთვის სტრატეგიული ეტაპია — ახალი სედანი Neue Klasse-ის მოდულურ ელექტროარქიტექტურას იყენებს. ეს უკანასკნელი კი, სამომავლოდ, BMW-ის არაერთი ახალი თაობის ელექტრომობილის საფუძვლად იქცევა.

როგორც გერმანულ კომპანიაში აცხადებენ, მიუნხენში მდებარე ქარხანა სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე ეტაპობრივად გადავა. არსებული გეგმით, 2027 წლიდან საწარმო მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებისთვის იქნება სპეციალიზებული. აღნიშნული ტრანსფორმაციის მთავარ მოდელებად კი სწორედ BMW i3 და Neue Klasse-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი მოიაზრება.

BMW-ის განცხადებით, ახალი პლატფორმისა და განახლებული საწარმოო პროცესების დანერგვამ კომპანიისთვის მიუნხენის ქარხანაში წარმოების ხარჯები თითქმის 10%-ით შეამცირა. ეს, BMW-ის შეფასებით, ადასტურებს, რომ i3 მხოლოდ ნიშური ელექტრომობილი არაა. ის მასობრივი წარმოებისთვის შექმნილი მოდელია, რომელიც BMW-ის გლობალური საწარმოო ქსელის ეფექტიანობას გაზრდის.

ამ ეტაპზე BMW i3-ის წარმოება მხოლოდ მიუნხენში მიმდინარეობს, თუმცა კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ 2027 წლიდან სტანდარტული თვლების ბაზის მქონე ვერსიის აწყობა მექსიკაში მდებარე ქარხანაშიც დაიწყება. ამ გეგმით, Neue Klasse-ის პლატფორმაზე დაფუძნებული მოდელების წარმოება გერმანიის ფარგლებს გასცდება.

ახალი BMW i3-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვება კი ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის მიერ წარდგენილი კონცეფციები და პროტოტიპები საბოლოოდ რეალურ პროდუქტებად იქცევა. შედეგად, სწორედ ეს მოდელი BMW-ის ელექტრიფიკაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რათა მომდევნო წლებში ტრადიციული საწარმოები სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები