Pimp My Ride-ს მონაწილემ თავისი მანქანის გაყიდვა სცადა, თუმცა 3 სთ-ში მკაცრი გაფრთხილება მიიღო
ცნობილი გადაცემის, Pimp My Ride-ის, ერთ-ერთმა მონაწილემ გადაცემის მეშვეობით მოდიფიცირებული 1986 წლის Buick Century-ის eBay-ს პლატფორმით გაყიდვა სცადა, თუმცა განცხადების გამოქვეყნებიდან სულ რაღაც სამ საათში მკაცრი გაფრთხილება მიიღო. მაგრამ გაფრთხილებისა და განცხადების წაშლის მოთხოვნის მიუხედავად, საბოლოოდ ავტომობილი 18 000 აშშ დოლარად გაყიდა.
ავტოგადაცემა, რომელსაც ამერიკელი რეპერი Xzibit-ი უძღვებოდა, 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. გადაცემის იდეა ძალიან მარტივი გახლდათ — მონაწილეებს თავიანთი ძველი და განადგურებული ავტომობილები მოჰყავდათ, რომელთაც West Coast Customs-ში რადიკალურად ცვლიდნენ და ინდივიდუალური ვიზუალითა და აღჭურვილობით ანახლებდნენ.
თუმცა, წლები გავიდა და გადაცემაში მონაწილეთა დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეკრანზე ჩანდა. მათი თქმით, ვიზუალური განახლებების მიუხედავად, ავტომობილის ტექნიკურ პრობლემებს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა და ბევრი მათგანი, შოუს დასრულების შემდეგ, თავიანთ მანქანას თითქმის აღარ იყენებდა.

შოუს ერთ-ერთი მონაწილე იყო ჯეიკ გლიზერი, რომელიც Pimp My Ride-ის მეოთხე სეზონში, 2005 წელს გამოჩნდა. გადაცემის გუნდმა მისი 1986 წლის Buick Century რადიკალურად შეცვალა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გლეიზერმა თქვა, ავტომობილის ექსტერიერის გარდა, თითქმის არაფერი გაუუმჯობესებიათ.
„შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა მექანიკური პრობლემების გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი მანქანა სრული ნაგავი იყო“, — განაცხადა მან.

ჯეიკმაც თავისი ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა და ნამდვილი პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო. როდესაც მან გადაცემაში გადაკეთებული Buick Century eBay-ზე განათავსა, დაახლოებით სამ საათში მას Viacom-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, განცხადება პლატფორმიდან წაეშალა. გლეიზერის თქმით, მას მოუწია, ხელი მოეწერა კონტრაქტისთვის, რომელიც Pimp My Ride-ის საბოლოო პროდუქტის eBay-ზე გაყიდვას კრძალავდა, თუმცა მოგვიანებით ამის გაკეთება მაინც სცადა. შესაძლოა, გადაცემის წარმომადგენლებს არ სურდათ, ავტომობილის რაიმე დეფექტი პირდაპირ გადაცემასთან დაეკავშირებინათ.
თუმცა, საბოლოოდ, გლეიზერმა გამოსავალი მაინც იპოვა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, Buick Century იმ კომპანიას მიჰყიდა, რომელსაც გადაცემასთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა. გარიგების ღირებულებამ 18 000 აშშ დოლარი შეადგინა.