Formula 1-ის პილოტების ხელფასები 2026 წელს | ვინ რამდენს გამოიმუშავებს?
Formula 1-ის სხვადასხვა გუნდის პილოტებს შორის, 2026 წელსაც კი, ანაზღაურებებს შორის საკმაოდ დიდ სხვაობას ვიღებთ. გასული სეზონების მსგავსად, წლიური ხელფასების მიხედვით, კვლავ უცვლელია სიის ლიდერი, მაქს ფერსტაპენი. ნიდერლანდელი მრბოლელი მიმდინარე სეზონშიც ყველაზე მეტს, $70 მილიონს გამოიმუშავებს — რაც მაქსის წლიური საბაზისო ხელფასია, ბონუსებისა და სპონსორებთან დაკავშირებული შემოსავლების გამოკლებით.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელი ამჟამად უკვე Ferrari-ს ბრიტანელი პილოტი, ლუის ჰამილტონია. ჰამილტონი წლიური ანაზღაურებით მაქსს $10 მილიონით ჩამორჩება და, როგორც ირკვევა, 2026 წლის სეზონისთვის $60 მილიონს გამოიმუშავებს. მესამე პოზიციას შარლ ლეკლერი და ჯორჯ რასელი იკავებენ. როგორც Ferrari-ის, ასევე Mercedes-AMG-ის პილოტების წლიური შემოსავალი დაახლოებით $34 მილიონია.
$30-მილიონიან ნიშნულს კიდევ ერთი პილოტი, ლანდო ნორისი აღწევს — მისი წლიური ხელფასი დაახლოებით $30 მილიონია, მას მოსდევს ალონსო, რომლის ანაზღაურება $20 მილიონით შემოიფარგლება. შემდგომ სიაში არიან კარლოს საინსი და ოსკარ პიასტრი დაახლოებით $13 მილიონის წლიური ხელფასით და $12 მილიონით პიერ გასლი, ალექს ალბონი და ლანს სტროლი.

ხოლო მაშინ, როდესაც მაქსისა და ლუისის წლიური ხელფასი $70 მილიონსა და $60 მილიონს უტოლდება, Formula 1-ის ჩემპიონატში არიან პილოტებიც, რომელთა შემოსავალი $10-მილიონიან ნიშნულს სცდება. მაგალითად, მაქსის ყოფილი თანაგუნდელი, სერხიო პერესი დაახლოებით $8 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო ნიკო ჰულკენბერგი და ესტებან ოკონი $7 მილიონს იღებენ.
ისააკ ჰაჯარისა და ვალტერი ბოტასის შემოსავალი $5 მილიონია და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კიმი ანტონელი, რომელმაც წელს არაერთი რეკორდი უკვე მოხსნა, 2026 წლის სეზონისთვის განსაზღვრული ანაზღაურებით $2 მილიონს იღებს. თუმცა, წესით, ანტონელის ანაზღაურება მომდევნო წლებში მკვეთრად გაიზრდება, რა თქმა უნდა, თუ ახალგაზრდა იტალიელი ჩემპიონატში ასპარეზობას მსგავსი წარმატებით განაგრძობს. $2 მილიონს გამოიმუშავებს გაბრიელ ბორტოლეტოც.

ყველაზე დაბალანაზღაურებად პილოტებს შორის არიან ოლივერ ბერმანი და ლიამ ლოუსონი — $1 მილიონით, $500 000-დან $1 მილიონამდე მერყეობს წლიური ხელფასი ფრანკო კოლაპინტოსა და არვიდ ლინდბლადის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ მაქსის ანაზღაურება რამდენიმე ახალგაზრდა პილოტის წლიურ ხელფასს 70-ჯერ აღემატება.
ცნობისთვის, მოცემული თანხები გუნდების მიერ ოფიციალურად დადასტურებული მონაცემები არაა. შეფასებები პადოკიდან გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა და არ მოიცავს პილოტების საპრემიო ბონუსებს, პერსონალურ სპონსორულ კონტრაქტებსა და სხვა დამატებით შემოსავლებს.