მოდიფიცირება, რამი, რამი 1500, ტუნერი
Aa
Aa

1 032 ცხ.ძ-იანი Hennessey Maximus-ი 322 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს

Ram-მა 1500 Rumble Bee SRT სულ რაღაც სამი თვის წინ წარადგინა. თუმცა, ცნობილი ამერიკული ტიუნერი Hennessey მის ბევრად ექსტრემალურ ვერსიაზე უკვე მუშაობს. პროექტი, რომელიც Maximus-ის სახელითაა ცნობილი, სტანდარტულ ვერსიაზეა დაფუძნებული, თუმცა Ram-ის პიკაპს სიმძლავრითა და წარმადობით მნიშვნელოვნად აღემატება.

Hennessey-მა თავისი მოდიფიცირებული პიკაპი SRT Performance Engineering Day-ის ფარგლებში უკვე წარადგინა. Maximus Rumble Bee SRT განახლებული 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, ასევე მაღალი ტევადობის ინტერქულერი, შედარებით დიდი ზომის ჰაერის მიმღებები უყენია და კომპანიის მიერ შემუშავებულ ძრავის მართვის პროგრამას იყენებს.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, Supercharged Maximus Rumble Bee SRT-ის შემთხვევაში სიმძლავრე 1 032 ცხენის ძალამდე და 1 283 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტამდე იზრდება. ეს რიცხვები სტანდარტულ Rumble Bee SRT-სთან შედარებით 255 ცხენის ძალითა და 362 ნიუტონმეტრით მეტია.

გაზრდილი სიმძლავრე, რა თქმა უნდა, ავტომობილის უკეთეს დინამიკურ მაჩვენებლებშიც გამოიხატება. მოდიფიცირებული პიკაპი ახლა უკვე 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 322 კმ/სთ-ზე აღწევს. ეს ნიშნავს, რომ Maximus Rumble Bee SRT სტანდარტულ Rumble Bee-ზე 0.4 წამით უფრო სწრაფად ჩქარდება, პიკური სიჩქარე კი 48 კმ/სთ-ით უფრო მაღალია.

რაც შეეხება აეროდინამიკურ ცვლილებებს, ტიუნერმა პროტოტიპი VenomAero-ს ძარის კომპლექტით აღჭურვა — ეს უკანასკნელი აგრესიულ წინა სპლიტერს, გვერდითა აეროდინამიკურ დეტალებსა და მასიურ უკანა ფრთას გულისხმობს. უკანა სპოილერი კი სპეციალურად დაპროექტებულია ისე, რომ 1999 წლის Venom 650R-ის დიზაინის ელემენტები გაიმეოროს. თუმცა, მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად მისი მოხსნა იქნება საჭირო.

დამატებით, Maximus-ს კარბონის ელემენტებიც აქვს, სპეციალური გრაფიკა დაჰყვება და ემბლემებიც. მოდელი დაბალი პნევმოსაკიდარითაა აღჭურვილი, 22-დუიმიანი ბორბლები უყენია და მყარი უკანა საფარი აქვს. ეს უკანასკნელიც ავტომობილს აეროდინამიკის გაუმჯობესებაში ეხმარება.

სალონში სპეციალური ტყავისა და Alcantara-ს ნაზავია წარმოდგენილი. ასევე, დაგხვდებათ ბრენდირებული ხალიჩები. ავტომობილზე 3-წლიანი (ან 58 000 კილომეტრზე) გარანტია ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები