დაბრუნების სანაცვლოდ ფულს იხდის | მილიონერს 105 წლის Rolls-Royce მოჰპარეს
გაერთიანებულ სამეფოში, ერთ-ერთი სასტუმროს ტერიტორიიდან, 105 წლის Rolls-Royce Silver Ghost-ი მოიპარეს. $410 000-ის ღირებულების ავტომობილი მილიონერ ავტომოყვარულს, ბრაიან ფიტონს ეკუთვნის. ფიტონი ახლა მზადაა, Rolls-Royce-ის დასაბრუნებლად $3 000 გადაიხადოს.
როგორც თავად იხსენებს, ავტომობილი მაშინ მოიპარეს, როდესაც მას მშვიდად ეძინა. დილას კი, Rolls-Royce უკვე გაუჩინარებული დახვდა. ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმედოვნებს, რომ ვინმე მის 105 წლის მოდელს უსაფრთხოდ დაუბრუნებს და ჯილდოს სახით $2 700 დააწესა.
ფიტონი თავისი Silver Ghost-ით ჰელსინკისკენ მიემართებოდა, სადაც ომამდელი პერიოდის 25 სხვა Rolls-Royce-ის მფლობელს უნდა შეხვედროდა. ის და მისი მეგობრები ფინეთიდან შვედეთის, ლატვიისა და ესტონეთის გავლით Rolls-Royce-ის რალიზე მიდიოდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ 1920 წლის მანქანის დაქოქვა ხანგრძლივი პროცესია, ქურდებმა Rolls-Royce, როგორც ჩანს, თავისივე მისაბმელის საშუალებით წაიღეს. ფიტონმა ავტომობილი ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ, აუქციონზე შეიძინა. საკმაოდ დიდი პერიოდი კი, მოდელის აღდგენას დაუთმო. მათ შორის, სამუშაოები Rolls-Royce-ს საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში ჩაუტარდა.
1907 წლიდან 1926 წლამდე ამ მოდელის მხოლოდ 8 000 ეგზემპლარი დამზადდა და ის, საავტომობილო ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ადგილობრივმა დეპარტამენტმა გამოძიება უკვე დაიწყო, რათა მოპარული ავტომობილი თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს.