ფორმულა 1, მაქს ფერსტაპენი, რედ ბული, კრისტიან ჰორნერი
Aa
Aa

რა ვიცით Red Bull-დან კრისტიან ჰორნერი გათავისუფლების შესახებ?

Red Bull Racing-ის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ოთხშაბათს, 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ პერიოდში ჰორნერმა გუნდს „ფორმულა 1“-ის ჩემპიონობა მოუპვა, თანაც არაერთგზის, თუმცა როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი პრობლემები და სკანდალები, Red Bull-ში ჰორნერის კარიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

Red Bull GmbH-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 51 წლის ჰორნერი „დღეიდან ოპერაციულ მოვალეობებს აღარ შეასრულებს“, თუმცა გათავისუფლების ზუსტი მიზეზი დაკონკრეტებული არაა. ჰორნერს ლორან მეკისი, Red Bull-ის პარტნიორი გუნდის, Red Bull-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი შეცვლის.

ჰორნერის გათავისუფლების საკითხი Red Bull-ის მფლობელებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ჰორნერის ერთ-ერთი ძლიერი მხარდაჭერი კომპანიის თანადამფუძნებელი მილიარდერი ჩალერმ იუვიდიაა და სავარაუდოდ, მისი თანხმობის გარეშე გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ჰორნერის წასვლას მხარს სავარაუდოდ Red Bull-ის ავტოსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო უჭერდა.

ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, ჰორნერის გარშემო არსებული სკანდალები მიიჩნევა: Red Bull-ის გუნდის ყოფილ ხელმძღვანელს ქალ თანამშრომელზე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. შიდა გამოძიების დასკვნით, ის თავდაპირველად გაამართლეს, თუმცა მომჩივანმა სააპელაციო პროცესი დაიწყო. ჰორნერის ადვოკატები ბრალდებებს კვლავ უარყოფენ.

გუნდში ჰორნერის მომავალს კრიტიკულად აფასებდა მაქს ფერსტაპენის მამა, ჯოს ფერსტაპენი. მისი განცხადებით, თუ ჰორნერი თანამდებობაზე დარჩებოდა, „გუნდი აფეთქდებოდა“ და Red Bull-იც გააფრთხილა, რომ მსგავსი სკანდალები გუნდის რეპუტაციაზე კარგად არ მეტყველებდა და მას, გულშემატკივრებსაც დააკარგვინებდა.

როგორ ჩანს, Red Bull-ის გადაწყვეტილება ჰორნერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რაზეც მან გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა: „ეს ჩემთვის შოკი იყო. ბოლო 12 საათის განმავლობაში ფიქრისთვის დრო მქონდა, მანამ სანამ თქვენ წინაშე წარვსდგებოდი და გუნდის თითოეული წევრის მიმართ ჩემს მადლიერებას გამოვხატავდი. ამ ადამიანებმა ბოლო 20 წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი რამ გაიღეს“. 

რეალურად, ჰორნერის წასვლა ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა ცვლილებაა. გასულ წელს გუნდიდან ლეგენდარული ავტომობილების დიზაინერი ადრიან ნიუი წავიდა, რომელმაც კარიერა Aston Martin-ში გააგრძელა. 2024 წლის სეზონის ბოლოს სპორტული დირექტორის თანამდებობა ჯონათან უიტლიმ დატოვა, ხოლო სექტემბერში, 12-წლიანი მუშაობის შემდეგ გუნდს  სტრატეგიის ხელმძღვანელი უილ კორტნი დაემშვიდობა.

რაც შეეხება კრისტიან ჰორნერს, ის Red Bull Racing-ის აღმასრულებელი დირექტორი 2005 წლიდან იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა რვა მრბოლელის ტიტული მოიგო, ოთხი სებასტიან ფეტელთან (2010–2013) და ბოლო ოთხი მაქს ვერსტაპენთან ერთად. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში გუნდიდან მაქს ფერსტაპენის წასვლაზეც აქტიურად წერენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაქსმა და თავის დროზე ჰორნერმაც უარყო, ეჭვები ნიდერლანდელის Mercedes-ში გადასვლაზე კვლავ არსებობს.

 

მსგავსი სიახლეები