ამერიკის ტარიფების გამო, ევროპის პორტში ათასობით მანქანა გაჩერებულია | რა ბედი ეწევა ავტომობილებს?
ანტვერპენ-ბრიუგეს პორტი გიგანტურ ავტოსადგომად გადაიქცა. მიზეზი ამერიკის ტარიფები და ავტომწარმოებლების ფრთხილი მიდგომაა - მაქსიმალურად აიცილონ გადასახადების შესაძლო უარყოფითი შედეგები. ავტოსადგომზე აშშ-ში მიმავალი ათასობით მსუბუქი ავტომობილი, პიკაპი, სატვირთო და ტრაქტორი, უბრალოდ, უმოქმედოდ დგას.
პორტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ახალი მსუბუქი ავტომობილებისა და პიკაპების აშშ-ში ტრანსპორტირება 2025 წლის პირველ ექვს თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა. კვეთრი კლება კი მაისში დაფიქსირდა, „განთავისუფლების დღის“ ტარიფების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ.
ხოლო სატვირთო მანქანებისა და მათი შეფასებით, „მაღალი და მძიმე ტექნიკის“ ექსპორტი - რაც მოიცავს ტრაქტორებსა და სამშენებლო მანქანებს - თითქმის მესამედით შემცირდა და 31.5% შეადგინა.
„წლის მეორე ნახევრის პერსპექტივა გაურკვეველია. ბევრი რამ ამერიკასა და ევროპის კავშირს შორის, პირველ აგვისტომდე, სავაჭრო შეთანხმების მიღწევაზე იქნება დამოკიდებული“, - ნათქვამია პორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანტვერპენ-ბრიუგეს პორტი საავტომობილო ტრანსპორტის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია. მისი საშუალებით, მხოლოდ 2024 წელს, მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ავტომობილის გადაზიდვა განხორციელდა. ევროპელი ავტომწარმოებლები, Volkswagen-დან Volvo-მდე, იმედოვნებდნენ, რომ შეთანხმება გასულ კვირას, თავდაპირველი ვადის ამოწურვის შემდეგ დაიდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.