ავარია, ჰიპერქარი, პორშე, პორშე კარერა ჯითი
Aa
Aa

როგორ აღმოჩნდა Porsche-ს ლეგენდარული V10 ალპების ბუჩქებში?

მთის დაკლაკნილ გზებზე სპორტული მანქანის მართვას არაფერი შეედრება. თუმცა ყველაფერი შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს თუ მოულოდნელად თქვენი მართვის უნარები გიმტყუნებთ. სწორედ ეს დაემართა Porsche Carrera GT-ს და მის მძღოლს, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა.

ავსტრიის ალპებთან ახლოს ვიწრო გზაზე მოძრაობისას, მანქანა გზიდან გადავიდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი Porsche-სთან ერთად მიმდებარე ბუჩქნარსაც მიაყენა. ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარის მიზეზები არ დაუკონკრეტებია, თუმცა დასკვნების გამოტანა არც თუ ისე რთულია. როგორც ჩანს, წვიმდა, მანქანა კი ვიწრო გზაზე მოძრაობდა და მძღოლმაც მოსახვევში საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა.

ყველა შემთხვევაში შედეგი სახეზეა: ადგილობრივი სახანძრო სამსახურის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ინციდენტის შემდგომ მოვლენებს ასახავს. ფოტოებზე მძიმედ დაზიანებულ Carrera GT-ს ვხედავთ, რომელიც როგორც ჩანს ნაპირიდან ჩამოცურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციელებს სპეციალისტების გამოძახება მოუწიათ, რათა Porsche-ს ძვირადღირებული კარბონის მზიდი ძარის დამატებითი დაზიანება აეცილებინათ.

მანქანის გამოსაყვანად სპეციალისტების გამოძახების გარდა კი საჭირო ხეების მოჭრაც გახდა. ამდენი სამუშაოს გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ პროცესს 3 საათზე მეტი დასჭირდა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ავტომობილის პანელის ერთი ნაწილი მთლიანად მოწყვეტილია და უკანა ნაწილი დამსხვრეული. მანქანის შეკეთება, სავარაუდოდ, შესაძლებელია, თუმცა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

Porsche-მ Carrera GT-ს 1 270 ეგზემპლარი შექმნა და, სავარაუდოდ, მხოლოდ 89 მათგანია Fayence Yellow-ში შეღებილი, ზუსტად ისე, როგორც ეს კონკრეტული მოდელი. ჰიპერმანქანას უიშვიათესს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა მისი ჩამოწერა სასიამოვნო ამბავი მაინც არ იქნება.

 

მსგავსი სიახლეები