სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი საათში 800 მანქანას გაატარებს | როგორი იქნება ესტაკადა?
თბილისში, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია.
ტენდერში შპს „საქგზამეცნიერებამ“ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც უკვე დაიდო. კომპანია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს 1 491 000 ლარად შეასრულებს. ხელშეკრულება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დაკავშირება მოხდება ე.წ. სამხრეთის ხიდით. ორზოლიან საავტომობილო ხიდს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი ექნება, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების (კერძო ავტოტრანსპორტის) დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში. პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ.
კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი, რომელიც სადგურის მოედანს დადიანის გამზირდთან დააკავშირებს, იქნება 280 მ. სიგრძის, 8.5 მ. სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მ. სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).
„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.
საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.