ფასები, ტარიფი, პორშე 911, პორშე, პორშე 911 კარერა, ფასების ზრდა
Aa
Aa

Porsche-მ 911-ის ფასები კვლავ „ჩუმად“, თუმცა მკვეთრად გაზარდა | რამდენად შეიძენთ 911-ის მოდელებს?

აშშ-ის მტკივნეული ტარიფების გავლენით, ბოლო პერიოდში, მწარმოებელთა ნაწილმა ავტომობილების ფასები გაზარდა. მიზეზი მარტივია: კომპანიები (პოტენციურ) ფინანსური ზიანთან გამკლავებას ცდილობენ. ტენდენციას არც Porsche ჩამორჩა, რომელმაც 911-ის საბაზისო ფასი „ჩუმად“ გაზარდა. მოდელის ფასი ახლა უკვე 132 300 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა ფასზე 4 600 აშშ დოლარით მეტია. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, 911 Carrera-ს ფასი 127 700 დოლარიდან იწყებოდა.

თუმცა ფასების ზრდა, მხოლოდ 911 Carrera-ით არ შემოიფარგლა. სხვა ვერსიების შემთხვევაში, ასეთი შედეგები მივიღეთ:

  • 911 Carrera T - 138 700-დან 143 700 აშშ დოლარამდე (+5 000 აშშ დოლარი).
  • 911 Carrera S – 146 400-დან 151 700 დოლარამდე (+5 300 აშშ დოლარი).
  • 911 Carrera Cabriolet – 140 900-დან 146 000 აშშ დოლარამდე (+5 100 აშშ დოლარი).
  • 911 Targa 4 GTS - ამ მოდელის ამჟამინდელი ღირებულება 197 700 აშშ დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც 190 800 აშშ დოლარი ღირდა.
  • ხოლო 911 Turbo S-ს ახლა 238 700 აშშ დოლარად შეიძენთ, რაც წინა ფასზე 8 300 აშშ დოლარით მეტია.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ Porsche-მ ფასები, უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ გაზარდა. გამოცემა Road & Track-ის ინფორმაციით, პირველი კორექტირება 2026 წლის მოდელის ხაზის ამოქმედებას უკავშირდებოდა, ხოლო ახლანდელი ზრდა „ბაზარზე არსებულ მდგომარეობას“ უკავშირდება. ეს ტერმინი კი, არაოფიციალურად, ტარიფების გავლენას გულისხმობს.

ამასთან ერთად კი, ავტომწარმოებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი რეგულარულად აკვირდებიან ბაზრის დინამიკას და ფასების კორექტირებას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ეს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. არსებული ცვლილება 2.3-დან 3.6%-მდე მატებას მოიცავს.

 

 

მსგავსი სიახლეები