ილონ მასკი, ელექტრომობილი, ამერიკის შეერთებული შტატები, ტესლა, საიბერთრაქი
Aa
Aa

რატომ ემზადება აშშ-ის არმია ორი ახალი Cybertruck-ის ასაფეთქებლად?

აშშ-ის საჰაერო ძალებს ორი სრულად ახალი Tesla Cybertruck-ის აფეთქება სურს. თუმცა ამას ქვეყნის ლიდერისა და Tesla-ს მფლობელის შიდა დაპირისპირებასთან საერთო არაფერი აქვს. მიზეზი ბევრად უფრო მარტივია: აშშ თვლის, რომ შესაძლოა ის ერთ დღეს Cybertruck-ს ბრძოლის ველზე, მოწინააღმდეგეთა რიგებში გადააწყდეს. შედეგად ეს მხოლოდ მზადებაა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტიანია მისი იარაღი იმის წინააღმდეგ, რასაც ილონი „აპოკალიფსის დროს გადასარჩენად“ შექმნილ პიკაპს უწოდებს.

ცოტა ხნის წინ, საჰაერო ძალების სატესტო ცენტრმა (AFTC) ტესტირებისთვის 33 მანქანის შეძენის შესახებ გეგმა წარადგინა. ცდები White Sands-ის რაკეტების პოლიგონზე (WSMR) ნიუ-მექსიკოში ჩატარდება. საინტერესოა, რომ AFTC-ს სრულად არ ადარდებს, ამ 33 ავტომობილიდან 31 რა მანქანა იქნება - მთავარია მათგან ორი, Cybertruck-ი იყოს.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, Cybertruck-ის დიზაინი, შეუღებავი უჟანგავი ფოლადის კარკასი და 48-ვოლტიანი ელექტროსისტემა მას გზაზე არსებული სხვა ყველა მოდელისგან განსხვავებულს ხდის. ამ მახასიათებლებმა შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მანქანა რაკეტების დარტყმებზე, რაც ზუსტად ისაა, რისი გაგებაც აშშ-ის სურს.

„სპეცოპერაციაში, მტრის მიერ გამოყენებული მანქანების ტიპი შეიძლება ჰგავდეს Tesla Cybertruck-ს, რადგან დადგინდა, რომ ისინი მნიშვნელოვანი დარტყმების შედეგად, სტანდარტულ დაზიანებებს არ იღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.  

დოკუმენტში არ არის მითითებული, რა იგულისხმება ტერმინებში „მტერი“ და „სპეცოპერაცია“, თუმცა ფაქტია, რომ მილიტარიზებული Cybertruck-ი სამომავლო გეგმებში შეიძლება თავისუფლად ვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და კატარი, ან უახლოეს მომავალში Cybertruck-ების შესაძენად ემზადებიან, ან უკვე ფლობენ მათ. აშშ კი, ყველა შესაძლო სცენარისთვის უკვე ემზადება.

 

მსგავსი სიახლეები