BMW-ი ყველა იმ ელექტრომობილს ასახელებს, რომლებიც შესაძლოა „გაფუჭდეს“
ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც BMW-მა ელექტრომობილების უკან გაწვევის რაუნდი დააანონსა. გაწვევამ 70 000-ზე მეტი ელექტრომობილი მოიცვა და ავტომობილებში პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემა გამოავლინა. აღნიშნული ხარვეზი შესაძლოა მაღალი ძაბვის სისტემის მოულოდნელი გათიშვის მიზეზად იქცეს.
ივლისში გერმანულმა ავტომწარმოებელმა აშშ-ში ელექტრომობილების უკან გაწვევის კიდევ ერთი რაუნდი გამოაცხადა. ამჯერადაც საქმე აკუმულატორების ელემენტების მოდულებს უკავშირდება, რომლებიც შესაძლოა შეუსაბამოდ იყოს აწყობილი. BMW-ის განცხადებით, მოდულში უჯრედების გაერთიანებისთვის გამოყენებული ძალა შესაძლოა მის სპეციფიკაციებს აღემატებოდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილის მუშაობის პროცესში, განმეორებით დამუხტვასთან ერთად, მოდულის ჩარჩო შეიძლება გაფუჭდეს.
თუ ჩარჩო დაზიანდება ან გაფუჭდება, ამან შეიძლება მაღალი ძაბვის სისტემის გათიშვა გამოიწვიოს, რაც პოტენციური ავარიის რისკს გაზრდის. ეს კი, გაუმართაობის შემთხვევაში, ხანძრის საშიშროებას აჩენს.
გაწვევა ამჟამად სულ 136 ავტომობილს შეეხება. თუმცა, თუ ძირითად შემთხვევაში უკან გაწვეული ავტომობილების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება რეალური პრობლემა, ამ ვითარებაში ეს ასე არაა. BMW-ის განცხადებით, უკან გაწვეულ თითოეულ მოდელში აკუმულატორის მოდულები შესაძლოა სპეციფიკაციების შესაბამისად არ იყოს აწყობილი.
BMW-ის მიერ უკან გაწვეულ მოდელებს შორისაა: 2022-2025 წლების BMW iX მოდელები, რომლებიც 2021 წლის 3 ნოემბრიდან 2024 წლის 14 თებერვლამდეა წარმოებული, ასევე 2023-2024 წლების BMW i7-ები, რომლებიც აწყობილია 2023 წლის 12 ივნისიდან 2023 წლის 19 ივლისამდე და 2022-2023 წლების BMW i4-ები - აწყობილი 2022 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 11 მაისამდე.
მფლობელები უკან გაწვევის შესახებ შეტყობინებებს 5 სექტემბრიდან მიიღებენ. სადილეროებმა დაზიანებული მაღალი ძაბვის აკუმულატორის მოდულების შეცვლაზე ინსტრუქცია უკვე მიიღეს.