ჰიპერქარის ღირებულება $2 მილიონია | დონჩიჩი ახალ მანქანაში „ვერ ჯდება“
ლუკა დონჩიჩი საკალათბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომოყვარულია. მის კოლექციაში უკვე ინახება ისეთი ძვირად ღირებული და საკულტო მოდელები, როგორებიცაა: 1968 წლის Chevrolet Camaro, Ferrari 812 Superfast-ი, არაერთი Porsche და Brabus Rocket 1000. ახლა კი, სლოვენიელმა ახალი ჰიპერქარის, $2-მილიონიანი Rimac Nevera-ს შეძენა გადაწყვიტა.
View this post on Instagram
Rimac Nevera ჩვეულებრივი შენაძენი არ არის. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად აღიარებული ჰიპერქარი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 1.74 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 415 კმ/სთ-ზე აღწევს. მანქანა ოთხი დამოუკიდებელი ელექტროძრავის საშუალებით 1 914 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ შესაძლებლობებიდან და ღირებულებიდან გამომდინარე კი, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის საკმაოდ იშვიათია. ეს მოდელი მხოლოდ 150 ეგზემპლარადაა წარმოებული.
ახალ ჰიპერქართან ერთად დონჩიჩი უკვე დააფიქსირეს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, რომ კალათბურთელი შესამჩნევად გაღიზიანებული იყო, რადგან ავტოფარეხში გაჩერებული სხვა ავტომობილი მას Nevera-ში ჩაჯდომაში ხელს უშლიდა. ეს კადრები კი, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც დონჩიჩი Rimac-ის საჭესთან რამდენჯერმე კიდევ გამოჩნდა.
დონჩიჩი NBA-ის ყველა დროის ყველაზე ანაზღაურებად 25 კალათბურთელს შორისაა. შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ მის ანგარიშზე ახლა უკვე ჯამში 14 ავტომობილი ირიცხება. ცოტა ხნის წინ, დონჩიჩმა Brabus Rocket 1000-იც შეიძინა. Mercedes-AMG GT 63 S E Performance-ზე დაფუძნებული ავტომობილი 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.