Fast and Furious-ის თამაში კონსოლებზე გამოდის | ტრეილერი
ლეგენდარული ფილმის, Fast and Furious-ის მიხედვით შექმნილი არკადული თამაში ახლა უკვე კონსოლებზეც ხელმისაწვდომი იქნება. თავდაპირველად Raw Thrills-ის მიერ შემუშავებული თამაში მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან Nintendo Switch-ზე, PlayStation 5-სა და Xbox Series X|S-ზეც გამოვა.
ახალი თამაშის ტრეილერი Youtube-ზე გავრცელდა. სავარაუდოდ, თამაშში არაერთ ცნობილ და ბევრი ავტომოყვარულისთვის საყვარელ მოდელს ვიხილავთ. მათ შორისაა, Dodge Charger-ი, Corvette Z06, Shelby GT500 KR, Ford GT, Bronco DR და Jeep Wrangler-ი. გულშემატკივრებს მაღალსიჩქარიანი მოქმედებისთვის მოსამზადებლად ახლა მხოლოდ რამდენიმე თვე აქვთ დარჩენილი.
Fast & Furious: Arcade Edition-ი ვიდეოთამაშების ამერიკულ მწარმოებელ GameMill Entertainment-ს ეკუთვნის. „ნახეთ, თუ როგორ ჩავეფლობით Fast & Furious Arcade-ის გულისამაჩუყებელ მღელვარებაში, სადაც მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა ძლიერი მანქანები ცნობილ ადგილებში გამოსცადონ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
„მართეთ ლეგენდარული მანქანები, მათ შორის Dodge Charger-ი, Corvette Z06, Shelby GT500 KR, Ford GT, Bronco DR, Jeep Wrangler-ი და სხვა - ან შექმენით თქვენი ავტომობილები უნიკალური ფერების სქემებით“.
ახალ თამაშში ხელმისაწვდომი იქნება ვიზუალური პერსონალიზაციაც, რომელსაც რბოლებს შორის სპეციალური გამოწვევებიც დაემატება - მაგალითად, რაკეტის შეჩერება შვეიცარიის ალპებში ან თვითმფრინავის დასმა ჰონგ-კონგში. თუმცა ამ ეტაპზე სტუდიას თამაშის ონლაინ ვერსია არ დაუდასტურებია.