რეიტინგი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბიემვი, ტესლა, ავტოწარმოება
Aa
Aa

2024 წელს ჩინეთმა აშშ-სა და იაპონიის ჯამურ წარმოებაზე მეტი ავტომობილი გამოუშვა | ტოპ-10

2024 წელს, მსოფლიოში 92 მილიონზე მეტი ავტომობილი იწარმოა. აქედან ყველაზე დიდი წილი კი, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაზე მოდიოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ სახელმწიფოს გასულ წელს გლობალურად წარმოებული ავტომობილების 54% უკავიათ, რეიტინგში ისეთი ქვეყნებიც ძლიერდებიან, როგორებიცაა ინდოეთი, მექსიკა და ბრაზილია.

ავტომწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს ჩინეთმა ყველაზე მეტი, დაახლოებით 31 მილიონი ავტომობილი აწარმოა, რაც აშშ-სა და იაპონიაში ერთად წარმოებული პროდუქციის მოცულობას აღემატება. ჩინეთში ავტოწარმოების მაღალი მოცულობა ძლიერი შიდა მოთხოვნით, ელექტრომობილების გამოყენების სწრაფი გავრცელებითა და მზარდი ექსპორტის ქსელითაა განპირობებული.

სიდიდით მეორე და მესამე უმსხვილესი მწარმოებლები ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია არიან. თუმცა ორივე სახელმწიფოს შემთხვევაში, 2023 წელთან შედარებით, წარმოება მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

საინტერესოა, რომ ქვეყნებს შორის ავტომობილების წარმოება მათი ტიპის მიხედითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ჩინეთის შემთხვევაში წარმოების უმეტესი ნაწილი მსუბუქი ავტომობილებია (27.5 მილიონი) და არა კომერციული მანქანები (3.8 მილიონი). საპირისპირო სიტუაციაა აშშ-ში, რომელმაც 2024 წლის განმავლობაში 9.1 მილიონი კომერციული ავტომობილი და მხოლოდ 1.4 მილიონი მსუბუქი ავტომობილი გამოუშვა.

პარალელურად, ავტოწარმოება ძლიერდება განვითარებად ბაზრებზე, რომლებიც თავიანთი, როგორც ძირითადი საავტომობილო წარმოების ცენტრების სტატუსის გამყარებას ცდილობენ. მათ გაძლიერებას კი ხელს შემოსავლების ზრდა და რეგიონული სავაჭრო გარიგებები უწყობს.

მაგალითად, მექსიკა ძირითადი საწარმოო ბაზა გახდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა BMW. გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2019 წელს მექსიკაში, მესამე. მეორე სერიების და m2-ის წარმოებისთვის, ქარხანაც გახსნა. მექსიკაში გიგაქარხნის მშენებლობას გეგმავს Tesla-ც, რომელზე მუშაობაც 2026 წლიდან დაიწყება.

რაც შეეხება რუსეთს: რუსეთმა, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, წარმოების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი, 35%-იანი მატება დააფიქსირა. დასავლელი ავტომწარმოებლების ბაზრიდან გასვლამ, ქვეყანაში წარმოებაზე დეფიციტი შექმნა, რომელსაც ახლა ადგილობრივი და ჩინური ბრენდები ავსებენ.  2023 წლის მონაცემებით, LADA რუსეთის ყველაზე პოპულარული ავტომობილების ბრენდია 30.7%-იანი ბაზრის წილით, შემდგომ მოდიან ჩინური ბრენდები, როგორებიცაა Chery (11.2%), Haval (10.6%) და Geely (8.8%).

2024 წელს, ტოპ-10 ქვეყანა ავტოწარმოებით და გასულ წელთან შედარებით პროცენტული ცვლილება: 

ჩინეთი  31,281,592 ავტომობილი  4%
ამერიკის  შეერთებული შტატები 10,562,188 ავტომობილი  -12%
იაპონია 8,234,681 ავტომობილი  -9%
ინდოეთი 6,014,691 ავტომობილი  3%
მექსიკა 4,202,642 ავტომობილი  4%
სამხრეთი კორეა 4,127,252 ავტომობილი  -3%
გერმანია 4,069,222 ავტომობილი  -1%
ბრაზილია 2,549,595 ავტომობილი  10%
ესპანეთი  2,376,504 ავტომობილი  -3%
ტაილანდი  1,468,997 ავტომობილი  -20%

მსგავსი სიახლეები