ჰიპერქარი, გაყიდვები, ბუგატი, ბუგატი ტურბილონი, ბუგატი ბოლიდი
Aa
Aa

Bugatti-ის შეძენას 2029 წლამდე ვეღარ შეძლებთ | მიზეზი?

საავტომობილო ინდუსტრია არასტაბილურია. ახალი ტექნოლოგიები, რეგულაციები, ტარიფები და მომხმარებელთა ცვალებადი ტენდენციები ავტომწარმოებლებს მომავალი წლის დაგეგმვაში დიდ თავსატეხს უჩენს. სწორედ ამიტომ, ბევრი ავტომწარმოებელი თავის პროდუქციას და სამომავლო გეგმებს, დიდი სიფრთხილით უდგება. თუმცა არის გამონაკლისებიც.

ამ გამონაკლისებს შორისაა Bugatti-იც, რომლის ჰიპერქარების მიმართ მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მომხმარებლებს ლოდინი წლობითაც კი უწევთ. თუმცა ზოგჯერ ის ფაქტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საერთოდაც მოახერხებენ თუ არა ისინი სასურველი ჰიპერქარის შეძენას. რეალურად, ეს საკმაოდ კარგია ავტომწარმოებლისთვის, რომელიც შეკვეთით დამზადებულ ავტომობილებზე მუშაობს.

Bugatti-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელის, ფრენკ ჰეილის განცხადებით, ბრენდს უბრალოდ იმდენი შეკვეთა აქვს, რომ ეს Bugatti-სთვის „წინასწარ დაგეგმვას“ ამარტივებს. როგორც ჰეილი აცხადებს, ავტომობილები 2029 წლამდე სრულად ამოყიდულია, ხოლო მომდევნო ოთხი წელი კომპანია Bolide-ის წარმოების დასრულებითა და Tourbillon-ის წარმოების დაწყებითაა დაკავებული.

ეს Bugatti-ს მომავლის დასაგეგმად საკმარის დროს აძლევს. უფრო კონკრეტულად იმის გასარკვევად, თუ რა მოჰყვება Tourbillon-ს, ჰიბრიდულ ჰიპერქარს სამი ელექტროძრავითა და 8.4-ლიტრიანი V16 ძრავით. ჰიპერქარი 1 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2 წამში ჩქარდება.

მოდელის საწყისი ფასი $4 მილიონია, მაგრამ ახლა მისი შეძენა ნამდვილად გაგიჭირდებათ. თუ საკმარისი თანხა ანგარიშზე გაქვთ, თუმცა Tourbillon-ი ჯერ არ შეგიკვეთიათ, მოცდა უკვე 2029 წლამდე მოგიწევთ.

მსგავსი სიახლეები