მძღოლების საჩივარი Honda-ს წინააღმდეგ | ძრავებს 300 000 კმ-ის შემდეგ პრობლემა ექმნებათ
სანდო ძრავების მწარმოებელი კომპანიის რეპუტაცია Honda-მ წლების განმავლობაში შეინარჩუნა. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, პრობლემები მასაც შეექმნა. ავტომწარმოებლის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია შესული და ყველა ერთი მიზეზით - მომხმარებლები ძრავის პრობლემებზე მიუთითებენ.
სარჩელში ნათქვამია, რომ ამ ძრავებს მაღალი შეკუმშვისა და სითბოს ატანა უჭირთ, რაც გადახურებას იწვევს და სხვა, ბევრად ძვირად ღირებული პრობლემების მიზეზიც ხდება. საჩივრის თანახმად, ეს პრობლემები 1.5- და 2-ლიტრიან, ოთხცილინდრიან მოდელებს შეეხებათ.
ერთ-ერთი მთავარი ბრალდება არის ის, რომ ოთხცილინდრიან ძრავებში ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები ბზარების გაჩენისკენაა მიდრეკილი. თუ ეს მოხდება, გამაგრილებელი სითხე დგუშებში დაგროვდება, ხოლო გამაგრილებელი სითხის ნაკლებობამ შეიძლება ძრავის გადახურება ან უკიდურეს შემთხვევაში აალება გამოიწვიოს.
მფლობელებმა შესაძლოა ძრავიდან გამომავალი თეთრი კვამლიც შეამჩნიონ, რაც მიუთითებს, რომ გამაგრილებელი სითხე დგუშში გროვდება და იწვის. კიდევ ერთი დაშვებით, გრილებლის ძრავის ზეთში შერევამ შეიძლება შიდა ნაწილების კოროზია გამოიწვიოს. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Honda-მ უარი თქვა დაზიანებული i-VTEC ძრავების შეკეთებაზე ან შეცვლაზე. მათ შორის მაშინ, როდესაც ეს მოდელები საგარანტიო პირობებს ექვემდებარებოდნენ.
ჯგუფური სარჩელის თანახმად, ამ მოდელების ძრავები სულ მცირე 300 000 კილომეტრის გავლის შემთხვევაშიც უპრობლემოდ უნდა მუშაობდნენ, თუმცა ეს პირობა მათ შემთხვევაში დარღვეულია. ძრავების მუშაობის ხანგრძლივობა კი, შემცირებული.
სარჩელში ხუთი მანქანა ფიგურირებს, ესენია: 2018-2022 წლების Honda Accord, 2016-2022 წლების Honda Civic, 2017-2022 წლების Honda CR-V, 2021-2022 წლების Acura RDX და 2019-2022 წლების Acura TLX.