Mercedes-ი ძრავებს მთავარი კონკურენტისგან, BMW-სგან შეიძენს?
უცნაური სიურპრიზია, თუმცა თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში BMW-ის ძრავები შესაძლოა მისი მთავარი გერმანული კონკურენტის, Mercedes-Benz-ის მოდელებში ვიხილოთ. Manager Magazin-ის თანახმად, ბრენდი BMW-სთან მოლაპარაკებებს 2027 წლის საწარმოო ხაზისთვის, 4-ცილინდრიანი ძრავების შესასყიდად აწარმოებს.
Autocar-ის ცნობით, Mercedes-მა თავის ზოგიერთ მოდელში შესაძლოა BMW-ის 2-ლიტრიანი ტურბო ძრავის (B48) ვერსია გამოიყენოს. ეს ძრავა BMW-ის ბევრ სხვა მოდელში გვხვდება, ავსტრიაშია დამზადებული და დამუხტვად ჰიბრიდებში გამოიყენება. ძრავა სხვადასხვა მანქანის კონფიგურაციას ერგება, ამიტომ შეიძლება Mercedes-ის ბევრ მცირე და საშუალო ზომის მოდელში გამოდგეს.
თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა. არც BMW-ის და არც მის გერმანულ კონკურენტს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, Mercedes-მა ახლახან წარადგინა თავისი 4-ცილინდრიანი, M252, რაც აჩენს გონივრულ კითხვას, თუ რაში სჭირდება კომპანიას კონკურენტის დახმარება. როგორც ამბობენ, აღნიშნული ძრავა არ არის შესაფერისი ჰიბრიდულ ტექნოლოგიასთან მუშაობისთვის და ის ჩინეთში იწარმოება, რაც აშშ-ში იმპორტირებული მოდელებისთვის პოტენციურად მაღალ ტარიფებს ნიშნავს.
Autocar-ის თანახმად, ამ მიზეზებისადა გამო, მომავალში შესაძლოა ამერიკაში, კომპანიების ერთობლივი ძრავების საწარმოც ვიხილოთ. თუმცა ამაზე საუბარიც ჯერ ნაადრევია.