ელექტრომობილი, მერსედეს-ბენცი, მერსედეს სი-კლასი, ბიემვი აი3
Aa
Aa

Mercedes-მა ცხაურის ზომით BMW-ის გაუსწრო? | ეს C-Class-ის ელექტრომობილია

ერთია, რომ Mercedes-Benz-ს მეორე თაობის BMW iX-ისთვის კონკურენტი უკვე ჰყავს - ეს EQ ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი GLC-ია. თუმცა, როგორც ჩანს გერმანული დაპირისპირებისთვის საკმარისი ესეც არაა და Mercedes-ი ახლა უკვე C-Class-ის სრულად ელექტროვერსიის წარსადგენად ემზადება. ეს უკანასკნელი ახალ BMW i3-ს გაუწევს კონკურენციას.

გერმანულმა გიგანტმა ახალი მოდელის საინტერესო თიზერი გამოქვეყნა, რომლის დანახვისასაც ალბათ ყველას ერთი კითხვა გაგვიჩნდა: Mercedes-მა ცხაურის ზომით BMW-ის გაუსწრო? ეს ჩაბნელებული სურათი ახალი GLC-ის პრეზენტაციის დროს გავრცელდა და როგორც ჩანს, SUV-ის მსგავსად, მასაც მასიური წინა ცხაური ექნება. ​​ეს ცხაური, რომლის განათებაზეც ასობით მცირე ზომის LED იქნება პასუხისმგებელი ახალ ელექტრო C-Class-ს შთამბეჭდავ იერს მისცემს.

თუმცა რას გაიგებ, ბევრს შესაძლოა ეს ვერსია საერთოდაც არ მოეწონოს. ამ მოდელს კი, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ GLC EQ-ზე არსებული სამი გისოსის ნაცვლად, ოთხი განათებული ჰორიზონტალური გისოსი ამშვენებს.

ამ თიზერში სხვა დიდად არაფერი ჩანს. გარდა იმისა, რომ ელექტრო C-Class-ს Mercedes-Benz-ის უახლესი დიზაინის მაშუქები ექნება, ვარსკვლავის ფორმის დღის LED განათებებით. ხოლო ავტომობილის საერთო პროპორციები, შიგა წვის ძრავაზე მომუშავე C-Class-ს წაგავს.

სედანი MB.EA პლატფორმაზე შეიქმნება, რომელიც GLC EQ-შიც გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ ამ მოდელშიც შეგვიძლია 94 კვტ/სთ ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკს და 800-ვოლტიან არქიტექტურას ველოდოთ. ალბათ ყველაზე შთამბეჭდავიკი ის ფაქტია,  რომ ელექტრო C-Class-ს, სავარაუდოდ, ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება.

 

მსგავსი სიახლეები