1 036 ცხ.ძ-ით, ახალი Ferrari 849 Testarossa ლეგენდრულ SF90-ს ჩაანაცვლებს
Ferrari 849 Testarossa იტალიელების ახლად წარმოდგენილი, plug-in ჰიბრიდული ფლაგმანია, რომელიც SF90 Stradale-სა და Spider-ის ჩამნაცვლებლად მოგვევლინა. უახლესი მოდელი მომავალ წელს გამოვა და Ferrari მას ორ ვერსიად - კუპესა და ღია სახურავიანი მოდელის სახით წარმოგვიდგენს. Testarossa, რომელიც გადაკეთებულ ტვინ-ტურბო V8 ძრავას სამ ელექტროძრავთან აერთიანებს, 1 036 ცხენის ძალას შემოგვთავაზებს.
მთავარი კი ისაა, რომ ახალი მოდელი რეალურად ძალიან ჰგავს SF90-ს, მაგრამ რიგი განახლებები გამოარჩევს, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. მხოლოდ შიგა წვის ძრავა 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ელექტროძრავები კი, დამატებით, 217 ცხენის ძალას უზრუნველყოფენ. ამ ძრავებიდან ორი წინა ღერძზეა განთავსებული. მათ მხოლოდ 210 კმ/სთ-ის სიჩქარის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა მესამე ძრავა, რომელიც ძრავასა და გადაცემათა კოლოფს შორისაა განთავსებული, ამის შემდეგაც სრული სიმძლავრის მიწოდებას განაგრძობს.
საინტერესოა, რომ მათთვის, ვისაც 849 Testarossa-ს მხოლოდ EV-რეჟიმში მართვა სურს, სიმძლავრე მხოლოდ წინა ბორბლებზე იგზავნება და სიჩქარე 130 კმ/სთ-ით შემოიფარგლება. 7.45 კვტ/სთ-იანი აკუმულატორით კი, ერთი სრული დამუხტვით მანქანას 24 კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია.
სრული ძალით, Ferrari-ის ამ მოდელის შესაძლებლობები კი, ნამდვილად შესაშურია. უახლესი Testarossa მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე აღწევს, 0-დან 100-მდე 2.2 წამში, ხოლო 0-დან 200-მდე 6.3 წამში ჩქარდება. ამ ყველაფერს კი, 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის F1 გადაცემათა კოლოფი ემატება.
ცნობისთვის, სახელწოდება Testarossa რეალურად იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე 1980-იანი და 1990-იანი წლების დასაწყისის ლეგენდარული ავტომობილი. 1950-იან წლებში Ferrari-ს სარბოლო მანქანებს, წითელი სარქველების საფარის გამო, ხშირად ასე უწოდებდნენ. როგორც Ferrari-ს მარკეტინგისა და კომერციის ხელმძღვანელმა, ენრიკო გალიერამ განაცხადა, „სახელწოდება Testa Rossa [იტალიურად „წითური“] თავდაპირველად ამ ხაზის ყველაზე მძლავრი მოდელის ძრავის საფარიდან წარმოიშვა“.
„ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ შთაგონებას ძველი დიზაინით ვიღებთ და არა უბრალოდ, წარსულის გახსენებით შემოვიფარგლებით“, - თქვა გალიერამ და ფაქტიც სახეზეა.
ჩვენ მივიღეთ მოდელი, რომელიც დიდად 1980-იანების Testarossa-საც არ ჰგავს, რადგან Ferrari-ის უბრალოდ რეტრო სტილის გადმოკოპირება არ სურდა. სამაგიეროდ, ეს მოდელი ერთგვარი ნაზავია 1970-იანების Ferrari-ის სარბოლო მოდელების, აერონავტიკის ელემენტებისა და SF90-სა და Daytona SP3-ის მახასიათებლების.
ინტერიერში F80-დან ინსპირირებული გადაცემათა კოლოფით დაგხვდებათ, რომელიც დახურული მექანიკური გადაცემათა კოლოფის მსგავსია. საჭეზე სენსორული მართვის ღილაკები კი, ფიზიკურია. ციფრულ ეკრანებზე მძღოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა წარმოდგენილი. მფლობელებს კი, კომფორტული ან სარბოლო სავარძლების არჩევა შეუძლიათ.
Ferrari ავტომობილისთვის ორ ახალ ფერსაც შემოგვთავაზებს. პირველი Rosso Fiammante-ია - Rosso Corsa-ს ელფერით და მეტალის ელფერის დანამატებით. მეორე Giallo Ambra, რომელიც ბუნებრივი ქარვისფერის მდიდრული ვარიაციაა. ამ უკანასკნელისთვის, მძღოლებს Giallo Siena Alcantara-ს სალონის მორგებაც შეეძლებათ.
ხოლო თუ Testarossa-ს უფრო სწრაფი ვერსიის შეძენა გსურთ, მაშინ არჩევანი Assetto Fiorano-ზე უნდა გააკეთოთ. ისე, როგორც SF90-ის შემთხვევაში, მის დამატება შემდგომში ვეღარ მოახერხებთ, შესაბამისად არჩევანი ახლავე უნდა გაააკეთოთ. კარბონის დეტალებითა და განახლებებით, ეს ვერსია სტანდარტულზე 30 კგ-ით უფრო მსუბუქია. უფრო მკვეთრი წინა ნაწილი, მანქანის აეროდინამიკურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, საბურავებად კი, Michelin Cup 2-ია შერჩეული - უკეთესი მოჭიდებისთვის.
ახალ Testarossa-სთან დაკავშირებით, სხვა დეტალების გამჟღავნებისგან, Ferrari ამ ეტაპზე თავს იკავებს. ჯერ არც ამ მოდელის ღირებულების შესახებ ვიცით რამე. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Testarossa-ს ფასი SF90-ზე დაბალი იქნება. SF90 კი, $470 000-დან იწყება. ასე რომ, ალბათ სულ მცირე ნახევრმილიონიანი ნიშნულისთვის უნდა მოვემზადოთ.