უნივერსალი, ბიემვი ემ5 ტურინგი, მერსედეს-აიემჯი ი53, აუდი არესი6
Aa
Aa

Mercedes-AMG-მ BMW-სა და Audi-ს უახლესი უნივერსალით ომი გამოუცხადა | Mercedes-AMG E53

უნივერსალების მოყვარულთათვის ახლა ნამდვილად კარგი დროა, რადგან ახლა უკვე, საუკეთესო ვარიანტი შეუძლიათ სამი უმსხვილესი გერმანული ავტომწარმოებლის რიგებიდან აარჩიონ. თუ ამ დრომდე მათ Audi RS6 Avant-ისა და BMW M5 Touring-ის შორის უწევდათ არჩევანის გაკეთება, 2026 წლიდან Mercedes-AMG E53 Hybrid Wagon-იც ხელმისაწვდომი იქნება.

Mercedes-AMG-ის უახლესი უნივერსალი დილერებთან შემოდგომაზე გამოჩნდება და მისი საწყისი ფასი $93 350 იქნება. ავტომობილი ჰიბრიდული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავისგან, 28.6 კვტ/სთ-ის აკუმულატორისა და 9-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ინტეგრირებული ელექტროძრავისგან შედგება. შედეგად, E53 კომბინირებულად 577 ცხენის ძალის და 749 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია და უნივერსალს 0-დან 100-მდე 4 წამში აჩქარების საშუალებას აძლევს. მაქსიმალურ სიჩქარეს Mercedes-AMG-ის ახალი მოდელი 250 კმ/სთ-ზე აღწევს, თუმცა AMG Dynamic Plus პაკეტით პიკური მაჩვენებელი 280 კმ/სთ-მდე იზრდება. ცნობისთვის, მხოლოდ ელექტრორეჟიმზე უნივერსალი ერთი დამუხტვით 66 კილომეტრს ფარავს. E 53 Hybrid Wagon-ი სრულამძრავი სისტემითაა აღჭურვილი და 20- და 21-ინჩიანი საბურავებითაა შემოთავაზებული.

AMG Dynamic Plus-ის პაკეტი სრიალის თვითბლოკირებადი დიფერენციალს შეიცავს და  კომპოზიტურ სამუხრუჭე სისტემას - უფრო დიდი წინა დისკებით. Race Start ფუნქცია გამომუშავებას 604 ცხენის ძალამდე ზრდის, 0-დან 100-მდე აჩქარებას კი, 3.8 წამამდე ამცირებს.

ინტერიერში გათბობადი წინა სავარძლები, Nappa-ს ტყავის სპორტული საჭე, პანორამული მინის ლუქი და Burmester 4D ხმის სისტემა დაგხვდებათ. სხვა მახასიათებლებს შორისაა 12.3-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი და 14.4-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემა. ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ვარიანტიც, მათ შორის MBUX Superscreen-ის პაკეტი - წინა მგზავრისთვის დამატებითი 12.3-ინჩიანი ეკრანით.

ეს მაჩვენებლები ცუდი ნამდვილად არაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს Audi RS6 Avant Performance, რომელიც 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, 621 ცხენის ძალას და 850 ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს მოდელს 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.3 წამში აჩქარების საშუალებას აძლევს.

მეორეს მხრივ, M5 Touring-ს დამუხტვადი ჰიბრიდი ძრავა აქვს, რომელიც 717 ცხენის ძალას და 1 000 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი მხოლოდ ელექტროძრავით 40 კმ-ს გადის, სამაგიეროდ 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.5 წამში ავითარებს.

 

მსგავსი სიახლეები