ფორმულა 1, რეგულაციები, მაქს ფერსტაპენი, რედ ბული
Aa
Aa

Formula 1-ის ჩემპიონატი 2000-იანების მსუბუქ ბოლიდებს უნდა დაუბრუნდეს | მაქს ფერსტაპენი

Formula 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა, ისაუბრა იმაზე, თუ რის ხილვას ისურვებდა ჩემპიონატში, მომავალი რეგულაციების ეპოქიდან. ფერსტაპენის განცხადებით, Formula 1 იმ ავტომობილებს უნდა დაუბრუნდეს, რომელთაც 2000-იანები წლების ბოლოდან 2010-იანი წლების დასაწყისამდე იყენებდა.

2026 წლის სეზონიდან ძარისა და ძრავის ფართომასშტაბიანი რეგულაციები ამოქმედდება. რეგულაციები ითვალისწინებს უფრო პატარა ზომის ავტომობილებს, აქტიურ აეროდინამიკას და ძრავების 50/50 წვის ძრავისა და ელექტრო გადანაწილებას.

ცვლილებების საჭიროება ორგანიზატორებმა წლების გასვლასთან ერთად, ავტომობილების მნიშვნელოვნად გაზრდილი ზომის გამოც დაინახეს. რეალურად, ბოლო პერიოდში, Formula 1-ის ბოლიდები გაცილებით დიდი გახდა, გადასწრება გართულდა და შედეგად, ნაკლებად მჭიდრო დაპირისპირებებსაც ვიღებთ.

ფერსტაპენი იმედოვნებს, რომ Formula შთაგონებას მიიღებს იქიდან, რაც დაახლოებით 15 წლის წინ ჰქონდა. მაშინ, როდესაც ავტომობილები ატმოსფერული V8 ძრავებით იყო აღჭურვილი და სულ მცირე 180 კილოგრამით უფრო ნაკლებს იწონიდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია მსუბუქი და პატარა მანქანებია“, - განაცხადა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა და დასძინა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ძრავის რეგულაციების შეცვლით იქნება შესაძლებელი.

ფერსტაპენის თქმით, ამჟამად ძრავები ძალიან ეფექტიანია, თუმცა ამასთან ერთად დიდიც და ეს მანქანების ზომაზეც მოქმედებს. „ვფიქრობ, თუ მსგავსი ტიპის მანქანას მივიღებთ, როგორიც 2010 წლის ეპოქაში იყო, ან თუნდაც მანამდე, კარგი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს რბოლას დაეხმარება. თუმცა, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ“, - დაამატა Red Bull-ის პირველმა პილოტმა.

 

მსგავსი სიახლეები