Toyota-ს ახალი GR Celica შუაძრავიანი და სრულადამძრავი იქნება?
Toyota Celica-ს წარმოება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1970 წელს დაიწყო და 2006 წელს, Celica-ს მე-7 თაობის გამოშვების შემდეგ დასრულდა. თუმცა ამან Toyota-ს ენთუზიასტები გაანაწყენა და მათაც, იაპონურ კომპანიას წარმოების აღდგენის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.
ამ მოწოდებებმა კი, საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. კომპანიის პასუხი ყველასთვის სასურველი Toyota GR Celica იყო. ამის შესახებ ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ გასულ წელს გვაცნობა, თუმცა ისიც გვითხრა, რომ უნდა დაგვეცდია.
„გულწრფელები რომ ვიყოთ, ჯერ ამის [Celica-ს გამოშვების] ნიშნები არ ჩანს. თუმცა ბევრი ადამიანი, მათ შორის კომპანიაშიც, Celica-ს ელოდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ საჯაროდ ამის თქმა კარგი აზრია, მაგრამ ჩვენ Celica-ზე ვმუშაობთ“, - განაცხადა Toyota-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა იუკი ნაკაჯიმამ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, Celica-ს შესახებ თითქმის აღარანაირი ინფორმაცია, მითუმეტეს ოფიციალური არ გავრცელებულა. თუმცა იაპონურმა Best Car-მა ცოტა ხნის წინ გარკვეული ცვლილებები დაადასტურა.
ამ დრომდე, Celica-ს ყველა ვერსიას წინ განთავსებული ძრავა ჰქონდა. თუმცა Toyota GR Celica მისგან განსხვავებული იქნება - Toyta შუაძრავიან Celica-ს შემოგვთავაზებს. თუმცა არა ნებისმიერ ძრავას. პირიქით, ის Toyota GR Yaris M Concept-ზე იქნება დაფუძნებული.
GR Yaris-ის კონცეპტში კი 2-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ძრავას ვხვდებით, რომელიც დაახლოებით 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ მისი შესაძლებლობები 600 ცხენის ძალასაც კი აღწევს.
ეს ყველაფერი არაა. როგორც Best Car-ი ირწმუნება, ძრავის ახალ განთავსებასთან ერთად, Celica-ში კიდევ ერთ ცვლილებას უნდა ველოდოთ. გამოცემის თანახმად, ახალი ავტომობილი სრულადწამყვანი იქნება.
ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ Best Car-ის ინფორმაცია დადასტურებული არაა და ჯერ, ამის შესახებ ოფიციალური ცნობები Toyota-ს არ დაუდასტურებია. მაგრამ, არც უარუყვია.