პოლიცია, დოჯი, დოჯი ჰელქეთი
Aa
Aa

პოლიციამ Dodge Hellcat-ი გაანადგურა, რათა ყველასთვის ჭკუა ესწავლებინა

კენტუკის პოლიციამ „არალეგალური ქუჩის რბოლების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის“ ფარგლებში, 2021 წლის Dodge Durango Hellcat-ი გაანადგურა. ამ სანახაობისთვის უფრო დიდი დრამატულობის მისანიჭებლად კი, ეს ყველაფერი 20-წუთიან საჯარო ტრიუკადაც აქცია.

მაღალი ხარისხის კროსოვერი მფლობელს 2024 წლის Street Rod Nationals-ის დროს ჩამოართვეს. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2021 წლის Dodge ერთ-ერთი იყო იმ 167 მანქანიდან, რომლებიც 2023 წელს ქუჩის რბოლებისა და მიტაცებების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შემდეგ მძღოლებს ჩამოართვეს.

საკუთარი პოზიციის განსამარტად, კენტუკის პოლიციამ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა: „საქმე მხოლოდ ერთ მანქანას არ ეხება. ეს სხვების სიცოცხლის დაცვასა და წესრიგის დაცვას გულისხმობს. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქალაქი უგუნური ქმედების წინააღმდეგ ერთიანია. ეს გაფრთხილებად უნდა იქცეს ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქუჩების სარბოლო ტრასებად გადაქცევა შეუძლია“.

აღნიშნული განცხადების მიუხედავადაც, Hellcat-ის განადგურებამ ბევრი ადამიანი გააღიზიანა. მათი თქმით, პოლიციას შეეძლო მანქანა გასაყიდად, აუქციონზე გაეტანა. თუმცა როგორც შემდგომში განიმარტა, მანქანაში რამდენიმე მოპარული ნაწილი, მათ შორის ძრავა აღმოაჩინეს. გამომდინარე აქედან გადაწყდა, რომ მანქანა აუქციონზე გასატანად „უვარგისი“ იყო, ხოლო დამატებითი ხარჯებისა და პასუხისმგებლობის გამო, ვერც პოლიციის მანქანად გადაკეთდებოდა.

თუმცა, დამატებითი თანხა საჯარო ტრიუკისთვის დეპარტამენტს ნამდვილად არ დაენანა. ეს სანახაობა კი, სულ მცირე ხუთი კამერითაც გადაიღო. მათ შორის ერთი, დრონზე იყო დამაგრებული. ფაქტია, მათ თავიანთი მისია - ხალხის ყურადღების მიპყრობა - წარმატებით შეასრულეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადებით, უკანონო ქუჩის რბოლები თითქმის 40%-ით შემცირდა და ყველამ, ვინც ამას დააპირებს უნდა დაფიქრდეს, რომ შესაძლოა მას ავტომობილი ჩამოართვან. „ჩვენ არ მოვითმენთ ქცევას, რომელიც ჩვენს ხალხსა და ჩვენს ოჯახებს საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები