სუპერქარები, ხანძარი, აუდი არ8, შევროლეტი კორვეტი სი8, კორვეტი ზეტ06, მაკლარენ 720ესი
Aa
Aa

სატვირთოზე გაჩენილმა ხანძარმა $1.5 მილიონის სუპერქარები შეიწირა

ტენესის შტატში, სატვირთო მანქანაზე გაჩენილ ხანძარს რამდენიმე სუპერქარი შეეწირა. სუპერქარები ბოსტონიდან ატლანტამდე ყოველწლიურ Crown Rally-ში მონაწილეობდნენ. თუმცა, რომ არა სატვირთოს მძღოლის სწრაფი რეაგირება, შესაძლოა ბევრად სავალალო შედეგიც დამდგარიყო.

შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლის ინფორმაციით, ის გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა მძღოლმა სატვირთოზე კვამლის შესახებ აცნობა. დაზარალებული მძღოლი მაშინვე QuickTrip-ის სადგურში გაჩერდა და 911-ში დარეკა. ამ დროს, სატვირთოს რამდენიმე საინტერესო მოდელი, მათ შორის ორი McLaren 720S, C8 Corvette Z06, C8 Corvette Stingray და Audi R8 გადაჰყავდა.

მძღოლის სწრაფი რეაგირების მიუხედავად, სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად ვერ მივიდა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მისაბმელის შიდა სივრცე ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა. სუპერქარების კოლექცია ნამსხვრევებად იქცა, ხოლო Corvette-ებიდან მხოლოდ ერთის ცნობა თუა შესაძლებელი.

ადგილობრივ სახანძრო სამსახურს ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ დაუსახელებია. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა მისაბმელიდან, ან ერთ-ერთი სუპერქარიდან გაჩნდა. საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან, თუმცა საერთო ზარალმა $1.5 მილიონს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ეგზოტიკური ავტომობილების სატვირთო მანქანებში განადგურების ფაქტი იშვიათია, გადამზიდავებთან დაკავშირებული ხანძრები უჩვეულო ნამდვილად არაა. სულ რაღაც გასულ თვეში, კალიფორნიაში რამდენიმე ახალი Tesla განადგურდა, ისინიც გადამზიდავ მანქანაზე გაჩენილ ხანძარს შეეწირა.

 

მსგავსი სიახლეები