Tesla-ს რობოტმა ქარხნის მუშას „დაარტყა“ | დაზარალებული $51 მილიონს ითხოვს
Tesla-ს ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაწყებული. Tesla-ს ქარხნის თანამშრომელი ელექტრომობილების მწარმოებლისგან, მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის, $51 მილიონს ითხოვს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, Tesla-ს 50 წლის თანამშრომელი პიტერ ჰინტერდობლერი 2023 წლის 22 ივლისს დაშავდა. ინციდენტის დროს, ჰინტერდობლერი ინჟინერს Model 3-ის საწარმოო ხაზიდან დიდი რობოტის დაშლაში ეხმარებოდა. სარჩელის მიხედვით, „რობოტის ძირში არსებული ძრავის ამოღების მცდელობისას“, რობოტის „მხარმა“ დაზარალებულს დაახლოებით 3 600 კილოგრამის ეკვივალენტი წონის ძალით“ დაარტყა.
დაზიანების შედეგად, Tesla-ს მუშა იატაკზე დაეცა და გონება დაკარგა. სარჩელში ნათქვამია, რომ მკურნალობა ჰინტერდობლერს $1 მილიონი უკვე დაუჯდა, სამედიცინო ხარჯები კი, მომავალში, $6 მილიონს გადააჭარბებს. ამასთან ერთად, $20 მილიონამდე კომპენსაციას კომპანიის თანამშრომელი მიყენებული ტკივილის, $10 მილიონს ემოციური ტანჯვისთვის, $1 მილიონს აუნაზღაურებელი ხელფასისთვის და $8 მილიონსაც შემოსავლის შემცირებისთვის ითხოვს.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ რობოტი ისეთ ადგილზე იყო განთავსებული, რომელიც მისთვის განკუთვნილი არ ყოფილა, რაც უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევაა. Tesla-სთან ერთად, დაზარალებული რობოტიკის მწარმოებელ FANUC-საც უჩივის. კომპანიებს აღნიშნულან დაკავშირებით განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ. Tesla-მ შემთხვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებების წარდგენაზეც უარი განაცხადა.