„წლის ირონია“ | Tesla-ს მძღოლები ელექტრომობილებს დიზელით ცვლიან
Tesla, რომელიც ოდესღაც ბრენდისადმი ერთგულების სიმბოლოდ გვევლინებოდა, ახლა ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის შენარჩუნებისთვის იბრძვის. თუმცა, უახლეს კვლევებს თუ დავუჯერებთ, EV-ების ამერიკულ მწარმოებელს ეს არც თუ ისე დიდი წარმატებით გამოსდის.
როგორც S&P Global-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში Tesla-ს ლოიალობის მაჩვენებელი 9.4%-ით, 58.1%-მდე დავარდა - თანაც, ეს მხოლოდ 2025 წლის მეორე კვარტალში. ამ მაჩვენებლით, Tesla ასევე ამერიკულ Ford-ს (59.6%) ჩამორჩება და Chevrolet-ს (58%) მხოლოდ ოდნავ თუ უსწრებს.
ანალიტიკოსები ვარდნის მთავარ მიზეზად Tesla-ს შედარებით „დაბერებულ“ პროდუქციის ხაზს, Model 3-სა და Model Y-ზე ძლიერ დამოკიდებულებას და კომპანიის ხელმძღვანელის პოლიტიკურ ხედვას ასახელებენ. იმის მიუხედავადაც, რომ მომხმარებლების 69% კვლავ ელექტრომობილების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ეს წილი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.
დარჩენილი 31.1% ალტერნატივად საწვავის ტიპის ცვლილებას, 28.2% ჰიბრიდულ მოდელებს, ხოლო 2.9%-იც დიზელის მოდელებზე გადასვლას ასახელებს, რაც EV-ების მძღოლებისთვის უჩვეულო ნაბიჯია.
კვლევამ სხვა საინტერესო შედეგებიც აჩვენა. მათ შორის ის, რომ Tesla-ს ყოფილი მფლობელები უფრო მეტად Chevrolet-ის მოდელებს ირჩევენ, 55% ბენზინზეც კი დაბრუნდა. 37% ახლა სხვა ბრენდის ელექტრომობილებს მართავს, ხოლო 8%-იც დიზელის მოდელებზე გადავიდა. როგორც ანგარიში განმარტავს, ყველა თუ არა, Cybertruck-ის ბევრი უკმაყოფილო მძღოლი, ელექტროპიკაპს ახლა უკვე დიზელისძრავიან Chevy Silverado-ს ამჯობინებს.