Mansory-ის უახლესი ქმნილება | კომპანიამ ავტომობილი Formula 1-ის მრბოლელს გადასცა
ოდესმე გიფიქრიათ იმ ადამიანზე, რომლის ავტოფარეხშიც ბოლოს გერმანული ტუნერის, Mansory-ის გამორჩეული ავტომობილები ხვდება? ამ შემთხვევაში, ეს იღბლიანი ადამიანი „ფორმულა 1“-ის მრბოლელი ესტებან ოკონია. უახლესი პარტნიორობის ფარგლებში, ოკონს Lamborghini Revuelto-ზე დაფუძნებული ავტომობილი გადაეცა.
ამ Lamborghini Revuelto-ში შეტანილი ცვლილებები, რბილად რომ ვთქვათ, მრავლისმომცველია. ქარხნული ძარის პანელები თითქმის სრულად ამოღებულია და მსუბუქი, კარბონის კომპონენტებითაა ჩანაცვლებული. ამას ემატება სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილი კაპოტი, დიდი საჰაერო შემშვებებით და მორგებული ბამპერითა და სპოილერით. არც ავტომობილის უკანა მხარის ცვლილებები უნდა დაგვავიწყდეს - მათ შორის, კარბონისგან დამზადებული ვერსიით შეცვლილი ქარხნული ჰიდრავლიკური უკანა ფრთა.
უნიკალური შტრიხები ექსტერიერიდან ინტერიერშიც ვრცელდება. კაშკაშა წითელი ტყავის დეტალები, მათ შორის ხელსაწყოთა პანელზე. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილის კარებსა და სახურავზე ოკონის ლოგოა დამატებული, ხოლო ძრავის Start/Stop ღილაკს ადგილი შეუცვალეს და მანქანის სახურავზე გადაიტანეს. მოდიფიცირება წითელი უსაფრთხოების ღვედებით სრულდება.
რიგი ვიზუალური ცვლილებების მიუხედავად, გერმანულ ტუნერს ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ ჯერ არაფერი განუცხადებია. თუმცა როგორც გითხარით, ეს ვერსია Lamborghini Revuelto-ზეა დაფუძნებული, რომელიც 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი და 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.